სოფელ მატანში თვითიზოლაციაში 12 პირი იმყოფება
ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელ მატანში, დადასტურებული კორონავირუსის ახალი შემთხვევის გამო, თვითიზოლაციაში 12 პირი იმყოფება.
დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის კახეთის განყოფილების უფროსის, ნელი ხიზანიშვილის განცხადებით, კონტაქტების საკვლევი მასალა აღებულია და მისი შედეგები მოგვიანებით გახდება ცნობილი.
,,სოფელ მატანში გრძელდება ეპიდკვლევა. ასევე სოფლის შესასვლელში მდებარეობს სპეციალური პუნქტი და ყველა შემსვლელ თუ გამომსვლელ პირს უტარდება თერმოსკრინინგი და ტესტირება. ბოლო დადასტურებული პირის კონტაქტები მოძიებულია და ყველა მათგანის ბიოლოგიური მასალა აღებულია. მათი კვლევის პასუხი უახლოეს პერიოდში გახდება ცნობილი”,– განაცხადა ნელი ხიზანიშვილმა.
მისივე თქმით, კახეთში ამ დროისთვის რეგისტრირებულია სულ 28 შემთხვევა. მატანი -13, ველისციხე -7, ლაგოდეხი – 6, სიღნაღი -2.
შეგახსენებთ სოფელ მატანში კორონავირუსის პირველი შემთხვევა 11 სექტემბერს, ახალგაზრდა მამაკაცს გამოუვლინდა, რომელიც გორის ქორწილში ინფიცირებული პირის კონტაქტია.
კორონავირუსი ასევე დაუდგინდათ აღნიშნულ ქორწილში მყოფ რამდენიმე პირს და მათთან შემხებლობაში მყოფ ადგილობრივებს.