თელავის საგანმანათლებლო რესურსცენტრის ხელმძღვანელი ოპოზიციურ პარტიას ზეწოლაში ადანაშაულებს
თელავის საგანმანათლებლო რესურსცენტრის ხელმძღვანელი, ლევან მრელაშვილი ,,ნაციონალურ მოძრაობას” და გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებსა და აქტივისტებს, მუნიციპალიტეტში მოქმედი სკოლის დირექტორების და მასწავლებლების დაშინებაში ადანაშაულებს.
ლევან მრელაშვილის განცხადებით, ბოლო დროს გახშირდა პედაგოგებთან ანონიმური ზარები, რომლის დროსაც ეუბნებიან, რომ გაერთიანებული ოპოზიცია მალე მოვა ხელისუფლებაში და მათ კარგი დღე არ დაადგებათ.
მისივე თქმით, სკოლები და პედაგოგები პოლიტიკისგან შორს არიან. ყველა პარტიამ უნდა დაანებოს მათ თაჰი და აცალონ თავისუფლად მუშაობა.
,,ბოლო დროს გახშირდა პედაგოგებთან ანინომური ზარები და მუქარები. რეკავენ იმათთან ვინც სამსახურის გარეთ პოლიტიკურად აქტიურები არიან. ზარების შინაარსი კი ძირითადად ასეთია, რომ ჩვენ მალე მოვალთ ხელისუფლებაში და წასულია თქვენი საქმეო. ასევე არის ფაქტები, როდესაც ვინმე კონკრეტულ პიროვნებას ავალებენ, ისიც მიდის პედაგოგთან და ეუბნება ამ სიტყვებს. მე შემოვლას ვაკეთებდი სკოლებში და ბევრმა პედაგოგმა შემოგვჩივლა ამ საკითხზე.
დარეკვისას ასევე ამბობენ, რომ ისინი, ანუ ,,გაერთიანებული ოპოზიცია” მალე მოვა ხელისუფლებაში და პედაგოგებს ამისი უნდა ეშინოდეთ.
მე ვერ ვიტყვი გადაჭრით, რომ ნამდვილად გიორგი ბოტკოველი ავალებს თავის აქტივისტებს ამას, მაგრამ ფაქტია ეს ხორციელდება იმ პარტიის და პოლიტიკური გაერთიანების მიერ. გარდა ამისა, რამდენიმე სკოლაში გვაქვს ფაქტი, როდესაც ოპოზიციურად განწყობილი პედაგოგი თავის თანამშრომლებს დაემუქრა ზუსტად ამ სიტყვებით.
ჩვენ ყოველდღიურად ვზრუნავთ მომავალ თაობაზე, არც ადრე შეგვშინებია მუქარის და ახლაც ვერავინ მოახერხებს ამას. ქვეყანაში არის დემოკრატია და ყველას აქვს არჩევანის თავისუფლად გაკეთების საშუალება. ხელები შორს განათლების სისტემიდან. ჯობია ყველამ გაგვანებოს თავი’’,- განაცხადა ლევან მრელაშვილმა.
ლევან მრელაშვილის და სკოლების პედაგოგების განცხადებას გამოეხმაურა ,,გაერთიანებული ოპოზიციის” მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ახმეტა- თელავი- ყვარელი ლაგოდეხის მაჟორიტარულ ოლქში, გიორგი ბოტკოველი. მისი განმარტებით, აღნიშნული ფაქტი არ შეესაბამება სიმართლეს და იგი ემსახურება მის მიმართ შავი პიარის აგორებას.
‘’როდესაც ხელისუფლება ასეთ რამეზე დაიწყებს საუბარს იქ უკვე ადექვატურობაზე ლაპარაკი ზედმეტია. ეს არის არაადექვატური დაჯგუფება, რომელსაც მხოლოდ ქვია ხელისუფლება და ცოტა ხანში ესეც აღარ ერქმევა. ისინი გიორგი ბოტკოველის შავი პიარით არიან დაკავებული. ამის მაგივრად ურჩევიათ თავის გაკეთებულ საქმეებზე ისაუბრონ, მაგრამ ამასაც ვერ გააკეთებენ, რადგან გაფუჭების მეტი არაფერი გაუკეთებიათ. ეს არის ხელისუფლება, რომელმაც გააღატაკა მოსახლეობა და საქმის გაკეთების ნაცვლად ჭორებით ლაპარაკობენ’’,- განაცხადა გიორგი ბოტკოველმა.