კახეთში კორონავირუსის ოთხი ახალი შემთხვევა დაფიქსირდა
კახეთის რეგიონში კორონავირუსით ინფიცირების 4 ახალი შემთხვევა გამოვლინდა.
დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის კახეთის განყოფილების უფროსის ნელი ხიზანიშვილის ინფორმაციით, 24 დადასტურებულ შემთხვევას 4 დაემატა.
მისივე თქმით, აღნიშნულ ფაქტებზე დაიწყო ეპიდკვლევა და ინფიცირებულებთან კონტაქტში მყოფი პირების მოძიება.
,, ერთი შემთხვევა დაკავშირებულია მატნის კლასტერთან და გორში ჩატარებული ქორწილის მონაწილესთან, ერთი კი ლაგოდეხში დაფიქსირებული აჭარაში მოგზაურობას უკავშირდება. ასევე ორი შემთხვევა დადასტურდა სიღნაღის მუნიციპალიტეტში. ესენი არიან ადგილობრივი შსს-ს თანამშრომლები: დამლაგებელი და კანცელარიის თანამშრომელი. ბოლო შემთხვევა გამოვლენილია გეგმიური ტესტირების შედეგად. სულ კახეთში დაფიქსირებულია 28 შემთხვევა. აქედან მატანში 13, ველისციხეში 7, ლაგოდეხი 6 და სიღნაღი 2. ყველა ლოკაციაზე მიმდინარეობს ეპიდკვლევა ადგილობრივი საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ცენტრების ეპიდრმიოლოგების მიერ”,-განაცხადა ნელი ხიზანიშვილმა.
მისივე ინფორმაციით, თბილისის ლაბორატორიაში კვლევისთვის დარჩენილია გუშინდელი 520 ნიმუში, რომელთა ტესტირების შედეგი დღეს გახდება ცნობილი.