ახალი ამბები

ლაგოდეხში კორონავირუსით ინფიცირებული მამაკაცის 27 კონტაქტია მოძიებული

ლაგოდეხში კორონავირუსის ახალი შემთხვევის გამო, ჩატარებული ეპიდემიოლოგიური კვლევის შედეგად, დაინფიცირებულ მამაკაცთან კონტაქტში მყოფი 27 პირია მოძიებული.
დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის, კახეთის განყოფილების უფროსის, ნელი ხიზანიშვილის თქმით, აღნიშნული შემთხვევა დაკავშირებულია აჭარაში მოგზაურობასა და ბათუმში დადასტურებულ შემთხვევასთან.
,,აღნიშნული პირი გადაყვანილია კოვიდ კლინიკაში. მოძიებულია მასთან შემხე3ბლობაში მყოფი 27 კონტაქტი. ისინი გადაყვანილი არიან თვითიზოლაციაში. აღებულია მათი ბიოლოგიური ნიმუშები”,- განაცხადა ნელი ხიზანიშვილმა.
შეგახსენებთ, ლაგოდეხში, სასაზღვრო პოლიციის კოვიდინფიცრებული თანამშრომლის ოჯახის ოთხ წევრს კორონავირუსი დაუდგინდა. კორონავირუსი დაუდასტურდა სასაზღვრო პოლიციის მეხუთე სამმართველოს თანამშრომლის ორ შვილს, მეუღლესა და ბაბუას.
COVID 19-ის პირველი შემთხვევა ლაგოდეხში 13 სექტემბერს გამოვლინდა. კოვიდინფიცრებულ სასაზღვრო პოლიციის თანამშრომელს, აჭარაში მოგზაურობის ისტორია აქვს და ინფიცირების წყაროც ამ რეგიონს უკავშირდება.
მამაკაცი აჭარიდან ლაგოდეხში 10 სექტემბერს დაბრუნდა. ის სამსახურში არ მისულა, რადგან ჯერ კიდევ გზაში ყოფნის დროს ჰქონდა სიცხე. ლაგოდეხში ჩასვლისთანავე მან ადგილობრივი ცხელების ცენტრს მიმართა. კორონავირუსის დადასტურების შემდეგ, მამაკაცი სამკურნალოდ თბილისის ინფექციურ საავადმყოფოში გადაიყვანეს.