კახეთში კორონავირუსის ახალი შემთხვევა არ გამოვლენილა
დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის კახეთის განყოფილების უფროსის ნელი ხიზანიშვილის ინფორმაციით, კახეთის რეგიონში კორონავირუსის ახალი შემთხვევა არ გამოვლენილა.
მისი განმარტებით, გუშინ გამოსაკვლევად გაგზავნილი 256 ნიმუშიდან ყველა უარყოფითია. ნელი ხიზანიშვილის ინფორმაციითვე, დღეს ასევე ცნობილი გახდება 214 პირის კვლევის პასუხები.
,,ისევ სამი ცხელი წერტილი გვაქვს კახეთში: ეს არის სოფელი ველისციხე, ლაგოდეხი და სოფელი მატანი. ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელ მატანში ვიცით, რომ დაიწყო გაფართოებული ტესტირება და აღებული იქნა 750 ნიმუში. კახეთში მთლიანად 1067 ნიმუშია აღებული. ამ დროისთვის ცნობილია 256 პირის კვლევის პასუხი და ყველა უარყოფითია. 214 პირის პასუხს კი ველოდებით.
რაც შეეხება ლაგოდეხს, ახალი შემთხვევა არ გამოვლენილა და სტაბილურია სიტუაცია. იქ ორი ოჯახი იმყოფება თვითიზოლაციაში.
გუშინ ველისციხიდან 63 ნიმუში იქნა გაგზავნილი და დღეს ველოდებით პასუხებს. ამის მიხედვით ვიმსჯელებთ რა ღონისძიებები შეიძლება გატარდეს.
ასევე სოფელ მატანში დღესაც გრძელდება გაფართოებული ტესტირება და ყველა ადამიანი იქნება გამოკვლეული. ახლა ისეთი პერიოდია აქტიური მობილობა ხდება ხოლმე მოქალაქეების და მნიშვნელოვანია მივიღოთ პრევენციული ზომები, რათა არ გაგვირთულდეს ეპიდსიტუაცია კახეთში”,- განაცხადა ნელი ხიზანიშვილმა.
მისივე თქმით, ყველა დაინფიცირებული პირის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია.
,,სოფელ მატანში დაინფიცირებული 10 თვის ჩვილს , მამას და მამიდას კორონავირუსისთვის დამახასიათებელი სიმპტომები ჰქონდათ, ხოლო 10 წლის ბავშვი უსიმპტომო იყო, თუმცა ყველა მათგანის ჯანმრთელობის მდგომარეობა ამ ეტაპზე დამაკმაყოფილებელია და ისინი მკურნალობის კურსს სპეციალიზირებულ კლინიკაში გადიან.
ახალი შემთხვევები არ დაგვმატებია და შეიძლება ითქვას, რომ ეპიდსიტუაცია კონტროლირებადია. მატანში ამ დრომდე გრძელდება უსაფო PCR ტესტირება და მოქალაქეებს უტარდებათ თერმოსკრინინგი ”,- განაცხადა ნელი ხიზანიშვილმა.