გურჯაანში ჯეოჰოსპიტალის სამედიცინო პერსონალის ვაქცინაცია მოხდა
გურჯაანის მუნიციპალიტეტში, ჯეოჰოსპიტალის სამედიცინო პერსონალს პირველი ვაქცინა გაუკეთეს. პირველი აცრა, კახეთის ონლაინ- კოვიდ- კლინიკის ხელმძღვანელმა, დეა ცაბუტაშვილმა ჩაიტარა.
“ეს ერთადერთი გზაა იმისათვის, რომ აღარ დავკარგოთ ახლობლები და მათ შორის, ჩვენი კოლეგები. ისინი ფრონტის წინა ხაზზე არიან. ეს არის ბრძოლა და ვაქცინა ერთადერთი იარაღია ამ ურთულეს პროცესში”- განაცხადა ცაბუტაშვილმა.
გურჯაანის მუნიციპალიტეტში ვაქცინაციისათვის 23 მედიკოსია დარეგისტრირებული. გურჯაანის საზოგადოებრივმა ჯანდაცვამ, ჯეოჰოსპიტალს აცრების ჩასატარებლად ასტრა ზენეკას წარმოების ვაქცინის 300 დოზა გადასცა.
ვაქცინაციის პროცესი, დღეს კახეთის დანარჩენ მუნიციპალიტეტებშიც დაიწყო. პირველი ვაქცინა რეგიონში, 15 მარტს, თელავის რეფერალურ ჰოსპიტალში გაკეთდა, სადაც პირველ ეტაპზე 10 მედიკოსი აიცრა.