კახეთში ტურისტებისთვის ბარგის შემნახველი საკნები მოეწყობა
კახეთის რეგიონული განვითარების სააგენტოს – DMO – ” Visit Kakheti “-ის ინიციატივით, უახლოეს მომავალში ტურისტებისთვის ბარგის შესანახად ე.წ. ,,შემნახველი საკნების ‘’ მოწყობა იგეგმება.
როგორც DMO – ” Visit Kakheti “-ის დირექტორი, მალხაზ ჭრელაშვილი აცხადებს, აღნიშნული პროექტის განხორციელება უკრაინულ კომპანიასთან ერთად იგეგმება, რომელიც კერძო ბიზნესით არის დაკავებული.
მისივე თქმით, აღნიშნულ კომპანიას საქართველოში მსგავსი საქმიანობის გამოცდილება უკვე აქვს.
,,უკრაინულ კერძო ბიზნესთან ერთად კახეთში იგეგმება ე.წ. შემნახველი საკნების მოწყობა ტურისტულ ადგილებზე, სადაც მეტი ტურისტი იყრის თავს. აღნიშნულ კომპანიას ამ კუთხით საქართველოში კერძოდ თბილისსა და ანაკლიაში აქვს მუშაობის გამოცდილება. ეს იქნება თანამედროვე ტიპის ადგილი, სადაც ტურისტს ბარგის შენახვა შეეძლება.
ამისი საჭიროება კახეთში არსებობს და ამიტომ ჩვენ მოვძებნეთ ინვესტორი. რაც მთავარია ამ პროექტის განხორციელებას დიდი დრო და ნებართვებიც არ სჭირდება. ჩვენი მთავარი მიზანია და ორიენტირებული ვართ ტურიზმის განვითარებაზე რეგიონში’’,– განუცხადა knews.ge-ს მალხაზ ჭრელაშვილმა.