თელავში საზოგადოებრივი ტრანსპორტი მუშაობას 2021 წლიდან დაიწყებს
რამდენიმე კვირაა თელავში ახალი ავტობუსები გამოჩნდნენ, თუმცა მათი ამუშავება ჯერ არ მომხდარა.
თელავის მუნიციპალიტეტის მერიის ინფრასტრუქტურის განყოფილების უფროსის, დავით ქსოვრელიშვილის თქმით, აღნიშნულ საკითხზე უწყება საკრებულოსთან ერთად მუშაობს.
მისი განმარტებით, თელავში საზოგადოებრივი ტრანსპორტის ამუშავებამდე დაგეგმილია ახალი ორგანიზაციის შექმნა, რომელიც უზრუნველყოფს ტრანსპორტის გამართულ მუშაობას.
დავით ქსოვრელიშვილიმა განაცხადა, რომ წლის ბოლომდე თელავს კიდევ 5 ახალი ავტობუსი ეყოლება, ახალი წლის დასაწყისში კი ათივე ავტობუსი მუშაობას დაიწყებს.
,,ჩვენ ამ საკითხზე საკრებულოსთან ერთად ვმუშაობთ. ახლა ვართ ეტაპზე, რომ ჩამოვაყალიბოთ ის ორგანიზაცია, რომელიც გაუწევს მონიტორინგს მუნიციპალური ტრანსპორტის მუშაობას. ორგანიზაციას ეყოლება შესაბამისი სტაფი, ექნება ფინანსები, ასევე ყველა ის საჭირო ინვენტარი რომელიც ამ ავტობუსების მუშაობას სჭირდება. მანამდე კი 5 ავტობუსი დაგვემატება.
ასევე ამ დროისთვის დამთავრებული იქნება ავტოსადგომის მშენებლობაც და ვფიქრობთ, რომ მომავალი წლის დასაწყისში ათივე ავტობუსს გავუშვებთ სამუშაოდ. რაც შეეხება მარშრუტებს, ესეც შემუშავდება და მძღოლებიც გადაემზადებიან”,- განუცხადა Knews.ge-ს დავით ქსოვრელიშვილმა.