ნელი ხიზანიშვილი- კახეთის რეგიონში კორონავირუსით ინფიცირების რიცხვის კლება შეინიშნება
დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანრთელობის ეროვნული ცენტრის კახეთის განყოფილების უფროსის, ნელი ხიზანიშვილის ინფორმაციით, კახეთის რეგიონში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობის შემცირების ტენდენცია შეინიშნება.
აღნიშნული განცხადება მან რადიო ,,კახეთის ხმის” პირდაპირ ეთერში გააკეთა.
მისი თქმით, გასულ თვეებში რეგიონში ვირუსით ინფიცირების დღიური მაჩვენებელი 300-ს აჭარბებდა, სხვადასხვა პრევენციული ღონისძიებების გატარების და შემზღუდავი რეგულაციების შედეგად ეს ციფრი 73-მდე შემცირდა.
,,მიმდინარე წელი ალბათ გარდამტეხი იქნება კოვიდთან ბრძოლის მიმართულებით, რადგან დაგეგმილია ისეთი ღონისძიებები და კერძოდ ვაქცინაცია, რომელიც დაამარცხებს ამ დაავადებას და მასთან ბრძოლაში დაგვეხმარება.
საქართველოში და კერძოდ კახეთშიც შემთხვევების მატება იყო სექტემბრის თვიდან და ნოემბრისთვის პიკს მისღწია. დღიური მაჩვენებელი მაშინ 300-ს აჭარბებდა. ეს გამოიწვია ზაფხულის განმავლობაში შეზღუდვების შემსუბუქებამ. მოსახლეობა გულისყურით აღარ ეკიდებოდა იმ აუცილებელი რეგულაციების დაცვას რაც იყო.
როცა ისევ მოხდა შეზღუდვების დაწესება, 10 დღის შემდეგ ინფიცირებულთა რიცხვის კლება დაიწყო. დღეში 100 ინფიცირებული გვყავდა, ხოლო ბოლო პერიოდია ესეც შემცირდა და საშუალოდ დღეში 73 შემთხვევა ფიქსირდება. ეს იმის მაჩვენებელია, რომ რეგიონში ეპიდსიტუაცია დასტაბილურდა და ინფიცირებულთა რაოდენობა კლებისკენ მიდის. ამას ასევე ხელი შეუწყო ტესტირების გაფართოვებამ.
21 დეკემბრიდან ყველა ადამიანს ვისაც სურვილი აქვს ჩაიტაროს სწრაფი ტესტი სიმპტომების გარეშე, შეუძლია მიაკითხოს ახლომდებარე სამედიცინო დაწესებულებას. ამას დიდი მნიშვნელობა აქვს ვირუსთან ბრძოლის კუთხით. ამ დროისთვის 9 000-მდე სწრაფი ტესტირებაა ჩატარებული”, -განაცხადა ნელი ხიზანიშვილმა.