საგარეჯოში დამზადებული ჩირის ექსპორტი ხუთ ქვეყანაში იგეგმება
საგარეჯოს მუნიციპალიტეტში მოქმედი ჩირის საწარმოს ,,ჯეო ორგანიკი” პროდუქცია შესაძლოა ინგლისში, გერმანიაში, ჩეხეთში, კატარსა და უკრაინაში გაიყიდოს.
პროდუქციის ექსპორტს კომპანია უახლოეს პერიოდში გეგმავს.
საგარეჯოში ჩირის და ხილის გადამამუშავებელი საწარმო 2020 წელს გაიხსნა. კომპანიამ დღემდე ადგილობრივი მოსახლეობისგან 200 ტონა ხილი ჩაიბარა და გადაამუშავა.
კომპანიის დირექტორი, ალექსანდრე ნიკოლაიშვილი აცხადებს, რომ წელს წარმოების გაზრდას, კერძოდ 650 ტონა ხილის გადამუშავებას შეძლებს.
,,მე ვარ პროფესიით სპორტსმენი და ერთ დღეს ჩემმა მეგობრებმა მომიტანეს ამბავი, რომ კახეთში, კერძოდ საგარეჯოში ხშირად ფუჭდებოდა ხილი, რადგან მის რეალიზაციას ვერ ახერხებდნენ. ამიტო ჩვენ გადავწყვიტეთ აქ გაგვეხსნა ჩირის და ხილის გადამამუშავებელი საწარმო. წელს პირველი წელია და ვაპირებთ ყველა ჯიშის ხილისაგან, რაც კი საგარეჯოში მოდის, ჩირის გაკეთებას და გასაღების ბაზრების მოძებნას”,- განაცხადა ალექსანდრე ნიკოლაიშვილმა.
მისი განმარტებით, საწარმო აღჭურვილია თანამედროვე დანადგარებით. ამ დროისთვის კი კომპანიაში 55 კაცია დასაქმებული.
,,დავიწყეთ ბაზრების მოძიება. მოლაპარაკებები მიმდინარეობს ამ ეტაპზე ინგლისში, გერმანიაში, ჩეხეთში, კატარსა და უკრაინაში, რათა პროდუქცია მათ ბაზარზე გავიდეს. ჩვენთან დასაქმებულია 55 ადამიანი, საიდანაც 50 ადგილობრივია. ეს ძალიან კარგია, რადგან მუნიციპალიტეტში ოჯახებს გაუჩნდათ შემოსავალი და ახალი პერსპექტივა. ადგილობრივებს შეუძლიათ თავისუფლად მოიყვანონ ხილი და ჩვენ კი შესაძლებლობა გვაქვს თავისუფლად მივიღოთ 2 მილიონამდე კილოგრამი ხილი”,– აღნიშნა knews.ge-სთან საუბრისას რამაზ ნიკოლაიშვილმა.
მისი განმარტებით, სააგენტოს “აწარმოე საქართველოში” სესხის პროცენტის თანადაფინანსების კომპონენტის ფარგლებში, ახალი ტექნოლოგიების დანერგვა და დანადგარების ყიდვა ლიზინგით შეძლო.
,,სანამ საქმიანობას დავიწყებდით, გავიგეთ, რომ არსებობდა პროგრამა ,,აწარმოე საქარველო”, მივედით მათთან და წარვუდგინეთ ჩვენი ბიზნეს-გეგმა. მათ მოეწონათ და დაგვიმტკიცდა იაფი კრედიტი სამი მილიონი ლარის ოდენობის. თუ ადამიანს აქვს ხედვა და რამის გაკეთების სურვილი, ეს პროგრამა მისთვის ხელსაყრელია. სწორედ ეს დაგვეხმარა საქმიანობის დაწყებაში”,- განაცხადა რამაზ ნიკოლაიშვილმა.