საქართველოში კორონავირუსგადატანილი პაციენტების კვლევა იგეგმება
ინფექციური საავადმყოფოს ხელმძღვანელის, თენგიზ ცერცვაძის განცხადებით, საქართველოში კორონავირუსგადატანილი პაციენტების კვლევა იგეგმება.
კვლევაში 500-მდე ის პაციენტი ჩაერთვება, რომლებიც კორონავირუსს კლინიკებში მკურნალობდნენ. ცერცვაძის ინფორმაციით, კვლევა დაახლოებით ორ კვირაში, თებერვლის დასაწყისში დაიწყება.
„კოვიდის შემდგომი გართულებებისა და სიმპტომების გამო, საქართველოშიც ბევრი პაციენტი მოგვმართავს. ამ მდგომარეობას სხვადასხვანაირი სახელი ჰქვია. გახანგრძლივებული კოვიდი და პოსტკოვიდური სინადრომი. გახანგრძლივებულ კოვიდზე ამბობენ მაშინ, როცა კოვიდის დამთავრებისთანავე ანუ განკურნებისთანავე, რაღაც სიმპტომები გრძელდება, მაგალითად სისუსტე, კუნთების ტკივილი, სუნთქვის გაძნელება, ხანდახან სუფებრილური ტემპერატურა და სხვა და სხვა.
სრული სურათი რომ ვნახოთ, გადავწყვიტეთ, რომ ჩატარდეს ოფიციალური კვლევა. სავარაუდოდ 1 თებერვლიდან დავიწყებთ კვლევას. გამოვიკვლევთ 500 ადამიანს, რომლებმაც კოვიდი გადაიტანეს. მათ ჩაუტარდებათ სრული გამოკვლევა ყველა იმ ორგანოსი და სისტემის, რომლის მხრივაც ჩვეულებრივ კოვიდგადატანილები გამოხატავენ ჩივილებს,” – განაცხადა თენგიზ ცერცვაძემ.
მისივე თქმით, პირველი კვლევის ჩატარების შემდეგ, იმავე პაციენტებს განმეორებითი კვლევა ერთი და სამი თვის შემდეგაც ჩაუტარდებათ.