ახალი ამბები

ლევან მეხუზლა: „ვენახების გაშენება უნდა ექვემდებარებოდეს რეგულაციებს და არ უნდა იყოს სპონტანური“

ღვინის ეროვნული სააგენტოს ხელძღვანელი: მეტი ყურადღება უნდა მივაქციოთ ხარისხს, ექსპოზიციას, ნიადაგს, ჯიშებს.

მთავრობამ მიმდინარე კვირაში განიხილა და მოიწონა „ვაზისა და ღვინის შესახებ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე კანონპროექტი“, რომლის მიზანია ხარისხიანი, კონკურენტუნარიანი ყურძნისეული წარმოშობის ალკოჰოლიანი სასმელების წარმოების, ასევე, რეალიზაციისათვის აუცილებელი ადგილობრივი და საერთაშორისო ბაზრების მოთხოვნათა გათვალისწინების ხელშეწყობა. ახალი რეგულაცია, მათ შორის, ითვალისწინებს მომავალი წლიდან სამეწარმეო ვენახის გაშენებაზე თანხმობას, რომელსაც სსიპ ღვინის ეროვნული სააგენტო გასცემს.

„საამაყოა, რომ ბოლო წლებში აქტიურად შენდება ვენახები, თუმცა ეს არ უნდა იყოს სპონტანური. მეტი ყურადღება უნდა მივაქციოთ ხარისხს, ექსპოზიციას, ნიადაგს, ჯიშებს. თუ ამ ყველაფერს მეწარმე გაითვალისწინებს, მას არ შეექმნება გაშენების თანხმობის მიღებაში დაბრკოლება. ზოგადად უნდა აღინიშნოს, რომ გლობალური მასშტაბით ღვინის მოხმარება შემცირებულია; რთველის ბოლო წლების გამოცდილება გვიჩვენებს, რომ სახელმწიფოს უწევს ყურძნის შესყიდვაში ჩარევა და იმისთვის, რომ არ შეფერხდეს დარგის განვითარება, უნდა შემოვიღოთ ვენახების გაშენების რეგულაციები“, – აღნიშნა ღვინის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარე ლევან მეხუზლამ.