ახალი ამბები

რატომ დაარეგულირებს სახელმწიფო ვენახების გაშენებას? – განმარტება

ღვინის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარე ლევან მეხუზლა აცხადებს, რომ ქვეყანაში ვენახების სპონტანური გაშენება უნდა დარეგულირდეს. ინფორმაციას სააგენტო ავრცელებს.

საქმე ის არის, რომ საქართველოს მთავრობამ მიმდინარე კვირაში განიხილა და მოიწონა „ვაზისა და ღვინის შესახებ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე კანონპროექტი“, რომლის მიზანია ხარისხიანი, კონკურენტუნარიანი ყურძნისეული წარმოშობის ალკოჰოლიანი სასმელების წარმოების, ასევე, რეალიზაციისათვის აუცილებელი ადგილობრივი და საერთაშორისო ბაზრების მოთხოვნათა გათვალისწინების ხელშეწყობა. ახალი რეგულაცია, მათ შორის, ითვალისწინებს მომავალი წლიდან სამეწარმეო ვენახის გაშენებაზე თანხმობას, რომელსაც სსიპ ღვინის ეროვნული სააგენტო გასცემს.

ლევან მეხუზლა განმარტავს, რატომ მიიღო მთავრობამ ვენახების გაშენების რეგულირების გადაწყვეტილება და ამბობს, რომ ვენახები ნიადაგით, ექსპოზიციით, მდებარეობით, ჯიშით, საძირით იმ სტანდარტს უნდა შეესაბამებოდეს, რომელიც მაღალი ხარისხის მოსავლის მიღებასა და მაღალი ხარისხის ღვინის წარმოებას შესაძლებელს გახდით.

„ღვინის გლობალურ ბაზარზე შედარებით იკლო მოხმარებამ; მსოფლიო მასშტაბით მძაფრი კონკურენცია და ჭარბწარმოებაა. ამიტომ ვფიქრობთ, ვენახების სპონტანური გაშენება, რაც ბოლო ათწლეულში აღინიშნებოდა, უნდა დარეგულირდეს. აქცენტი უნდა გაკეთდეს საბოლოოდ მიღებული პროდუქტის, ღვინის ხარისხზე. დაწყებული ნიადაგით, ექსპოზიციით, მდებარეობით, ჯიშით, საძირით – ყველაფერი უნდა შეესაბამებოდეს იმ სტანდარტს, რაც საშუალებას მოგვცემს, მივიღოთ ხარისხიანი მოსავალი, რომელიც გამოყენებული იქნება საუკეთესო ღვინის დასამზადებლად. საკანონმდებლო ცვლილებების მიზანია საერთაშორისო ბაზრებზე იმ უმაღლესი ხარისხის ღვინის წარდგენა, რომელიც იწარმოება უმაღლესი ხარისხის ყურძნისგან“, – აღნიშნა ღვინის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარე ლევან მეხუზლამ.