ახალი ამბები

დღეს მოქმედი შეზღუდვები 1 თებერვლამდე შენარჩუნდება

ქვეყანაში დღეს მოქმედი შეზღუდვების რეჟიმი 1 თებერვლამდე შენარჩუნდება, – აღნიშნული გადაწყვეტილება უწყებათაშორისმა საკოორდინაციო საბჭომ დღევანდელ სხდომაზე მიიღო, რომელიც პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას ხელმძღვანელობით მთავრობის ადმინისტრაციაში გაიმართა.

გიორგი გახარიას განცხადებით, შეზღუდვების ეტაპობრივი მოხსნის დაწყებამდე, ინტენსიური შეხვედრები გაიმართება ბიზნესის წარმომადგენლებთან, რათა შეზღუდვების მოხსნის მომდევნო ეტაპს ისინი მაქსიმალურად მომზადებული შეხვდნენ და უზრუნველყოფილი იყოს ეპიდემიოლოგიური უსაფრთხოების მაღალი სტანდარტები როგორც სავაჭრო სფეროში, ისე საზოგადოებრივი ტრანსპორტის მიმართულებით.

,,მოქმედი შეზღუდვების შედეგად, შეინიშნება ვირუსით ინფიცირების შემთხვევების სტაბილიზაცია, თუმცა ეს მოდუნების საფუძველი არ უნდა გახდეს და კვლავაც უმნიშვნელოვანეს პრევენციულ ღონისძიებებად რჩება სოციალური დისტანციის დაცვა და პირბადეების ტარება.

ინტენსიურ რეჟიმში მიმდინარეობს მოლაპარაკებები ერთდროულად რამდენიმე მწარმოებელთან, რათა ქვეყანაში ვაქცინა რაც შეიძლება მალე შემოვიდეს, თუმცა ამის უპირველესი წინაპირობა ვაქცინის საერთაშორისო აღიარებაა – ის უნდა იყოს პრეკვალიფიცირებული ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ და ჰქონდეს საერთაშორისო აღიარება. ქვეყანაში უკვე არსებობს ვაქცინების შენახვისთვის საჭირო ინფრასტრუქტურა და არსებული შესაძლებლობების გაძლიერების მიმართულებით ინტენსიური მუშაობა გრძელდება.

ამასთან, სპეციალური კომისია აქტიურად მუშაობს ვაქცინის დანერგვის გეგმაზე, რომელიც შესაბამის სამიზნე ჯგუფებს და ქვეყანაში ვაქცინაციის ჩატარების ეტაპებს განსაზღვრავს.
ქვეყანაში დღეს მოქმედი შეზღუდვები 1 თებერვლამდე შენარჩუნდებაქვეყანაში დღეს მოქმედი შეზღუდვები 1 თებერვლამდე შენარჩუნდება”,
– განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.