მიწისქვეშა სასმელი წყლების ხარისხის გასაუმჯობესებლად კახეთში 7 ახალი ავტომატური სადგური მოეწყო
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, ქვეყანაში მიწისქვეშა მტკნარი სასმელი წყლების მონიტორინგის ქსელის გაუმჯობესებისთვის აქტიური მუშაობა მიმდინარეობს.
<უწყების ინფორმაციით, ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტის „ევროკავშირის წყლის ინიციატივა პლიუსი აღმოსავლეთის პარტნიორობის ქვეყნებისათვის (EUWI+)“ ფარგლებში, კახეთის მხარეში არსებულ ჭაბურღილებზე 7 ახალი ავტომატური სადგური მოეწყო. ,,სადგურები, ალაზნის არტეზიული აუზის ფარგლებში, გურჯაანის, სიღნაღის, ყვარელისა და ლაგოდეხის მუნიციპალიტეტებში მდებარეობს და აღჭურვილია უახლესი ჰიდროგეოლოგიური აპარატურით, რომელიც მიწისქვეშა წყლების ძირითადი რაოდენობრივი და ხარისხობრივი მახასიათებელი პარამეტრების (დებიტი, ტემპერატურა, წყალში გახსნილი მყარი ნაწილაკები, ელექტროგამტარობა, წყალბად-იონთა კონცენტრაცია) უწყვეტ მონიტორინგს და გარემოს ეროვნულ სააგენტოში მონაცემთა ავტომატურ რეჟიმში მოწოდების საშუალებას იძლევა.
მიღებული მონაცემების საფუძველზე, შესაძლებელია მიწისქვეშა მტკნარი წყლების მაჩვენებლების დროში ცვალებადობის გამოვლენა-დადგენა, რაც ითვალისწინებს ჰიდროგეოლოგიური მოკლე ან გრძელვადიანი პროგნოზების შედგენას. საქართველოში მიწისქვეშა მტკნარი სასმელი წყლების მონიტორინგის ქსელის გაუმჯობესება უმნიშვნელოვანესი წინაპირობაა საქართველო-ევროკავშირის ასოცირების შეთანხმების ფარგლებში, ევროკავშირის წყლის ჩარჩო დირექტივით გათვალისწინებული ვალდებულებების შესრულებისა და წყლის რესურსების ინტეგრირებული მართვის პრინციპების დანერგვისთვის”,- განაცხადეს გარემოს ეროვნულ სააგენტოში.