კახეთის სკოლებში სწავლის პროცესი დაიწყო
კახეთის რეგიონში მოქმედ სკოლებში სწავლის პროცესი განახლდა.
დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანდაცვის ეროვნული ცენტრის კახეთის განყოფილების უფროსის, ნელი ხიზანიშვილის ინფორმაციით, რეგიონში ყველა სკოლა შემოწმდა, მოხდა სხვადასხვა სამუშაოების განხორციელება მოსწავლეთა უსაფრთხოებისთვის და მიეცათ უფლება, რომ სწავლა დაიწყონ.
მისივე თქმით, მხოლოდ სოფელ მატანში არ მოხდა სწავლის განახლება, რისი მიზეზიც იქ არსებული ეპიდსიტუაციაა.
,,სოფელ მატანის საჯარო სკოლის ერთ-ერთ პედაგოგს ლაბორატორიულად Covid 19 დაუდასტურდა, რის გამოც საკოორდინაციო საბჭომ სასწავლო პროცესის გადადების შესახებ გადაწყვეტილება მიიღო. ჯერ არ ვიცით როდის განახლდება სწავლა. ჩვენ ასევე გამოვიკვლიეთ ქალბატონის კონტაქტები, მათ შორის მასწავლებლები და სკოლის დირექტორიც“, – განაცხადა ხიზანიშვილმა.
როგორც Knews.ge-ს თელავის რესურსცენტრის ხელმძღვანელმა ლევან მრელაშვილმა განუცხადა, თელავის ყველა სკოლამ უპრობლემოდ გაიარა სპეციალური შემოწმება, მოთხოვნები დააკმაყოფილა და სასწავლო წლის დაწყება ყოველგვარი გართულების გარეშე მოხდა.
სსიპ მეფე ერეკლე II- ის სახელობის ქალაქ თელავის N1 საჯარო სკოლაში აცხადებენ, რომ 2020-2021 სასწავლო წლის დაწყებამდე გაიწმინდა და თერმულად დამუშავდა წყლის სათადარიგო ავზი, შეიცვალა საკლასო ოთახების დაზიანებული კარებები. სკოლა აღიჭურვა COVID-19 თავიდან აცილების მიზნით საჭირო ინვენტარით.