კახეთში კორონავირუსის 2 შემთხვევა გამოვლინდა
კახეთში კორონავირუსის ორი ახალი შემთხვევა გამოვლინდა.
დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის დაცვის ცენტრის კახეთის განყოფილების უფროსის, ნელი ხიზანიშვილის ინფორმაციით, ამ დროისთვის რეგიონში ლაბორატორიულად დადასტურებული 37 შემთხვევა ფიქსირდება.
,,უკვე დადასტურებულ 35 შემთხვევას დაემატა 2 ახალი შემთხვევა. ვირუსი დაუფიქსირდა ყვარლის მუნიციპალიტეტის სოფელ ენისელში 61 წლის მოქალაქეს. ის მოთავსებული იყო თელავის რეფერალურ ჰოსპიტალში, პნევმონიის დიაგნოზით, სადაც დაუდასტურდა კოვიდ ინფექცია და გადაყვანილ იქნა შესაბამის კლინიკაში. ყვარლის საზოგადოებრივი ჯანდაცვის მიერ მოძიებულია მისი 10 კონტაქტი, მათ შორის ექიმი, რომელთანაც იყო კონსულტაციაზე. ყველა ეს პირი გადაყვანილია თვითიზოლაციაში.
რაც შეეხება წყაროს, პაციენტის ოჯახის წევრებს აქვთ ბათუმში მოგზაურობის ისტორია და შესაძლებელია მათ ქონდათ კოვიდის უსიმპტომპო ფორმა, წყაროს გარკვევის მიზნით დაავადებული ქალბატონის ოჯახის წევრებს ჩაუტარდებათ სეროლოგიური კვლევა.
მეორე შემთხვევა სოფელ მატანში დაფიქსირდა. 62 წლის პაციენტი დაკავშირებულია მატანში დარეგისტრირებულ კლასტერთან. ის არის 13 სექტემბერს დადასტურებული შემთხევის კონტაქტი, ის იმყოფებოდა კლინიკაში მეუღლესთან და სამ შვილთან ერთად. დადასტურებაც მოხდა კოვიდ კლინიკაში. ჯამურად კახეთის რეგიონში გვაქვს სულ 37 ახალი შემთხვევა. მათი განაწილება ასეთია: ლაგოდეხი -11 მატანი – 16, ველისციხე – 7, სიღნაღი – 2, ყვარელი -1 შემთხვევა. 20 სექტემბერს კახეთის რეგიონში ახალი აღებული ნიმუშები არა გვაქვს”,– განაცხადა ნელი ხიზანიშვილმა.