კახეთში კორონავირუსის 32 შემთხვევაა დაფიქსირებული
კახეთის რეგიონში კორონავირუსის ლაბორატორიულად დადასტურებული 32 შემთხვევაა დაფიქსირებული.
დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ცენტრის კახეთის განყოფილების უფროსის, ნელი ხიზანიშვილის განცხადებით, 32 შემთხვევიდან 14 მატანში, 7 ველისციხეში, 9 ლაგოდეხში და 2 კი სიღნაღში ფიქსირდება.
მისივე თქმით, კახეთში ეპიდსიტუაცია კონტროლირებადია და როგორც გეგმიურ ტესტირებას მიკუთვნებული, ისევე დადასტურებულ შემთხვევებთან კონტაქტში მყოფი პირების ბიოლოგიური ნიმუშების აღება და შემოწმება ყოველდღიურ რეჟიმში მიმდინარეობს.
ნელი ხიზანიშვილის განმარტებით, დღეს დადასტურებული ორი შემთხვევიდან 1 ლაგოდეხის მუნიციპალიტეტში, ხოლო ერთი სოფელ მატანში დაფიქსირდა.
,,ლაგოდეხში დადასტურებული შემთხვევა უკავშირდება ე.წ ,,გელაშვილის’’ კლასტერს, რომელსაც აჭარაში მოგზაურობის ისტორია აქვს. ასევე აჭარაში იმყოფებოდა თავად დაინფიცირებული პირი. მატანში დადასტურებული შემთხვევაც ერთ-ერთი ინფიცირებული პირის კონტაქტია.
დილიდან უკვე დავიწყეთ ეპიდკვევა, კონტაქტების მოძიება და ყველა პირის ტერსტირება’’,- განაცხადა ნელი ხიზანიშვილმა.
რაც შეეხება ლაგოდეხის იმ სკოლას, რომლის მოსწავლეც კორონავირუსით დაინფიცირდა, იქ სწავლა ჩვეულ რეჟიმში მიმდინარეობს, რადგან ბავშვს სკოლაში სიარულის ისტორია არ აქვს.
,,ბავშვი სკოლაში არ მისულა. ის ოჯახის სამ წევრთან ერთად შესული იყო ინფიცირებულ პირთან კონტაქტში მყოფ პირთა სიაში და იყო თვითიზოლაციაში. აქედან მხოლოდ ბავშვს დაუდასტურდა ვირუსი. თვითიზოლაციაში გადაყვანამდე რამდენიმე საათით ადრე ის იყო დაბადების დღეზე, რომელსაც 7 სხვა ბავშვი ესწრებოდა. მათაც არ აქვთ სავარაუდო სიმპტომები და გადადების საფრთხე არ არსებობს. ეს ბავშვებიც დატესტილები არიან’’,- განაცხადა ნელი ხიზანიშვილმა.