გზა ევროპისკენ

ევროკომისია: საქართველო კვლავ მხოლოდ სახელწოდებით არის კანდიდატი ქვეყანა

4 ნოემბერს გამოქვეყნებული გაფართოების პაკეტის მთავარი გზავნილია: საქართველოს გაწევრების პროცესი კვლავ შეჩერებულია, ხოლო ევროპულ გზაზე დაბრუნების პასუხისმგებლობა ხელისუფლებას ეკისრება, – აღნიშნულია ანგარიშში. 

ქვემოთ გადმოცემულია ოფიციალური განცხადების შინაარსი, რომელიც ევროკომისიამ გამოაქვეყნა:

საქართველო კვლავ მხოლოდ სახელწოდებით არის კანდიდატი ქვეყანა — გაწევრების პროცესი დე ფაქტო შეჩერებულია.ქვეყანა კვლავ ვერ ასრულებს კანდიდატის სტატუსთან დაკავშირებულ ცხრა ნაბიჯს.

მმართველი პარტია აგრძელებს დემოკრატიული პრინციპების, კანონის უზენაესობის, ძირითადი უფლებებისა და სამოქალაქო სივრცის ხელყოფას და ხელს უწყობს სახელმწიფოს შემდგომ მიტაცებას.

ხელისუფლების კურსის შეცვლის გარეშე საქართველო კვლავ ვერ ისარგებლებს კანდიდატის სტატუსისა და გაწევრებამდე მოსამზადებელი პროცესის უპირატესობებით.

ევროკავშირის მხარდაჭერა საქართველოს დამოუკიდებლობის, სუვერენიტეტის, ტერიტორიული მთლიანობისა და ქართველი ხალხის ევროპული მისწრაფებების მიმართ ურყევია. EEAS

 ევროპარლამენტში პაკეტის წარდგენისას მარტა კოსმა— ევროკომისარი გაფართოების საკითხებში რამდენიმე მნიშვნელოვანი გზავნილი გააჟღერა:

  • მმართველი პარტიის მუდმივი თავდასხმები დემოკრატიულ პრინციპებზე, კანონის უზენაესობასა და ძირითად უფლებებზე საქართველოს ევროპულ გზას აზიანებს.
  • სამოქალაქო სივრცე კიდევ უფრო შეიზღუდა.
  • ძირითადი ოპოზიციური პარტიების აკრძალვის მიმდინარე მცდელობა საქართველოს დემოკრატიის საფუძვლებს სერიოზულ საფრთხეს უქმნის.
  • გაწევრების პროცესის შეჩერების პირობებში, გაფართოების პოლიტიკა ამ ეტაპზე ვეღარ იქნება ევროკავშირი–საქართველოს ურთიერთობების მთავარი ჩარჩო.
  • ვითარების შეცვლის პასუხისმგებლობა მთლიანად საქართველოს ხელისუფლებას ეკისრება.
  • ხელისუფლების მიერ კურსის შეცვლის შემთხვევაში საქართველოს ევროპული გზა ღია რჩება; ევროკავშირი მხარს უჭერს ქართველი ხალხის ევროპულ მისწრაფებებს. 1TV

ანგარიშის გამოქვეყნებასთან დაკავშირებულ განმარტებაში წარმომადგენლობამ აღნიშნა, რომ ყველა კანდიდატს ერთი და იმავე კრიტერიუმებით აფასებენ. კანდიდატის სტატუსი კონკრეტულ ვალდებულებებს გულისხმობს, რაც არის დემოკრატია, კანონის უზენაესობა და ადამიანის უფლებები წევრობის აუცილებელი საფუძვლებია. ამ სფეროებში წინსვლის გარეშე ევროკავშირში გაწევრების მიმართულებითაც ვერ იქნება რეალური წინსვლა. IPN

გაფართოების ანგარიში საქართველოს მთავრობას დღევე ევროკავშირის ელჩმა, პაველ ჰერჩინსკიმ გადასცა. საქართველოს ხელისუფლების პირველი რეაქციები კი ასეთია: 

ნიკოლოზ სამხარაძე, პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე, ანგარიშს არარეალისტურად და მიკერძოებულად აფასებს. მისი არგუმენტია, რომ ევროკომისიას საქართველოს სახელმწიფო უწყებებთან კონტაქტი არ ჰქონია და განხორციელებული რეფორმების შესახებ სათანადო ინფორმაცია არ აქვს. interpressnews.ge

საქართველოს პრემიერ მინისტრმა ირაკლი კობახიძემ, 3 ნოემბერს, გამოქვეყნებამდე ანგარიშზე საუბრისას, მას პოლიტიკური უწოდა, შეფასებები უარყო და ევროკომისიის წარმომადგენლებს დემოკრატიის, კანონის უზენაესობისა და სხვა საკითხებზე საჯარო დებატები შესთავაზა.

მალევე ჩაინიშნა პაველ ჰერჩინსკის პრესკონფერენცია: წარმომადგენლობის ცნობით, ელჩმა ანგარიში უკვე გადასცა საგარეო საქმეთა მინისტრის პირველ მოადგილეს, გიორგი ზურაბაშვილს.

ოფიციალური ტექსტი: ევროკომისიის განცხადება გაფართოების 2026 წლის პაკეტზე.