ახალი ამბებისტატიები

რატომ შემცირდა ტურისტების რაოდენობა კახეთში?

კახეთში ვიზიტები შემცირდა — რას გვიჩვენებს ტურისტული სეზონის სტატისტიკა: 

 საქსტატის მონაცემებით, 2026 წლის იანვარ–სექტემბერში რეგიონში უცხოელთა დაახლოებით 319 ათასი ვიზიტი განხორციელდა — დაახლოებით 12%-ით ნაკლები, ვიდრე 2025 წლის შესაბამის პერიოდში, როდესაც მაჩვენებელი დაახლოებით 364 ათასს შეადგენდა.

შემცირება განსაკუთრებით წლის დასაწყისში გამოიკვეთა. იანვარ–მარტში ვიზიტების რაოდენობა დაახლოებით 79 ათასიდან 53 ათასამდე ჩამოვიდა, აპრილ–ივნისში კი — 140 ათასიდან 114 ათასამდე. ამ გაანგარიშებით, პირველ კვარტალში კლება დაახლოებით 33%, მეორეში კი 19% იყო.

საქსტატის სამი კვარტლის მონაცემების შეკრებით, იანვარ–სექტემბერში ყველაზე მეტი საერთაშორისო ვიზიტი რუსეთის მოქალაქეებმა განახორციელეს — დაახლოებით 1.307 მილიონი. შემდეგ მოდიან თურქეთის მოქალაქეები დაახლოებით 924 ათასი და სომხეთის მოქალაქეები 676 ათასი ვიზიტით. ეს საქართველოს საერთო მონაცემებია და კახეთში ამ ქვეყნების წილს არ ასახავს.

თუმცა ვიზიტების რაოდენობით ლიდერობა შემოსავლების მხრივ უპირატესობას ყოველთვის არ ნიშნავს. BMG-ის მიერ ეროვნული ბანკისა და ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მონაცემებზე დაყრდნობით გამოქვეყნებული ინფორმაციით, 2026 წლის ცხრა თვეში ევროკავშირისა და გაერთიანებული სამეფოს ბაზრებიდან ტურიზმის შემოსავალმა 665.3 მილიონი დოლარი შეადგინა, რუსეთიდან კი — 641.3 მილიონი დოლარი. ევროპული ბაზრებიდან ამ პერიოდში დაახლოებით 474 ათასი ვიზიტი დაფიქსირდა — მნიშვნელოვნად ნაკლები, ვიდრე რუსეთიდან.

ტურიზმის ანალიტიკოსი ია თაბაგარი BMG-ის გადაცემაში ყურადღებას სექტორში კონკურენციისა და საგადასახადო კონტროლის საკითხებზეც ამახვილებს. მისი შეფასებით, პრობლემაა შემთხვევები, როდესაც უცხოელი მოქალაქეები ტურისტულ მომსახურებას არარეგისტრირებული საქმიანობით ახორციელებენ და ადგილობრივ ბიზნესებთან არათანაბარ პირობებში კონკურირებენ.