შიდა ტურიზმი პანდემიის ფონზე
პანდემიის ფონზე ტურისტების მიმოსვლის შეჩერების მიუხედავად შიდა ტურიზმის გააქტიურებას ვარაუდობდნენ, თუმცა კახეთის რეგიონში არსებული ტურისტული ობიექტების წარმომადგენლები შემოსავლების შემცირებაზე მიუთითებენ. ტურისტულ სექტორს საბაკო ვალდებულებების გასტუმრება უჭირს. ამასთან, ახალი სერვისების დასანერგად საჭირო ინვესტირებას ითხოვს, რასაც ვერ რისკავენ.
საერთაშორისო ტურიზმისგან განსხვავევბით, შიდა ტურიზმის მიმართულებები ახლო მანძილით გამოირჩევა და ხასიათდება ქცევის განმეორებითობით. შიდა ტურისტებმა საერთაშორისო ტურისტებისგან განსხვავებით იციან მასპინძელი ადგილის კულტურა, კლიმატი და სასაუბრო ენა. ადგილმდებარეობის სიახლოვის გამო, შიდა ტურიზმის შემთხვევაში ძირითადად სახმელეთო ტრანსპორტი გამოიყენება, რაც ამცირებს დროისა და ვიზიტის ხარჯებს.
შიდა ტურიზმი საერთაშორისო ტურიზმისგან განსხვავებით ნაკლებად ხასიათდება სეზონურობით და ხელს უწყობს შემოსავლების გადანაწილებას ქალაქ და სოფელ დასახლებებს შორის. ასევე, შიდა ტურიზმი ნაკლებად მგრძნობიარეა მსოფლიოში მიმდინარე ეკონომიკური შოკებისა და კრიზისების მიმართ. შიდა ტურისტები ნაკლებად ჩერდებიან სასტუმროს ტიპის დაწესებულებებში. მიუხედავად ამისა, თუ გადავხედავთ საქართველოში სასტუმროებისა და სასტუმროს ტიპის დაწესებულებების საქმიანობას, დავინახავთ, რომ 2018 წლის მონაცემებით, შიდა ტურისტებზე სტუმართა 38% მოდიოდა, რაც ქვეყანაში შიდა ტურიზმის აქტუალობაზე მეტყველებს.
მიუხედავად დამაიმედებელი პროგნოზისა, შიდა ტურიზმის აქტივობა კახეთის რეგიონის ტურისტული სეზონისთვის ამ დრომდე არცთუ შემოსავლიანია: სოფელ ვაჩნაძიანში მოქმედი საოჯახო მარნის ,,იბეროს“ დამფუძნებელი შოთა ნატროშვილი განმარტავს, რომ პანდემიამ მათ საქმიანობაზე უარყოფითი გავლენა მოახდინა, რითაც დიდი ფინანსური ზარალი მიადგათ. მისივე თქმით, პანდემიის მერე მათ ვიზიტორი არ მიუღიათ და ამ დროისთვის მუშაობა გაჩერებული აქვთ.
,,4 წლის წინ გავაკეთეთ ეს საოჯახო მარანი. თავიდან ნაკლები ტურისტი იყო. შემდეგ წლებში მათმა რიცხვმა მოიმატა. ძირითადად ინტერნეტის საშუალებით მოდიოდნენ ჩვენთან. უცხოელებს ძალიან მოსწონთ ამ რეგიონში დამზადებული ღვინოები. ძირითადად კი მშრალი ღვინოებით ინტერესდებიან. ამ დროისთვის ვაწარმოებთ 3 სახეობის მშრალ ღვინოს: საფერავს, რქაწითელს და ხიხვს. ასევე მცირე რაოდენობით თეთრს და წითელ პორტვეინს. გვაქვას ჩვენი ჭაჭა, რომელიც ხუთი წლის დაძველებითაა. ჩვენი ვენახებიდან საერთო ჯამში წელიწადში 25 ტონამდე მოსავალს ვამუშავებთ. გასულ წელს ლონდონში გავაგზავნეთ ჩვენი ღვინოები: რქაწითელი, ხიხვი და საფერავი, თითოეული სახეობის 300-300 ბოთლის ოდენობით. პანდემიამ ჩვენს საქმიანობაზე უარყოფითად იმოქმედა, ფაქტობრივად პარალიზებული ვართ. ჩვენც და ის მაღაზიებიც, სადაც ღვინოები შეგვქონდა, ტუირიტებზე ვიყავით აქცენტრებული და შემოსავალიც აქედან გვქონდა. პანდემიის შემდეგ ჩვენთან ტურისტი არ შემისულა. დიდი ფინანსური ზარალი ვნახეთ’’,–განუცხადა Knews.ge-ს შოთა ნატროშვილმა.
პანდემიიდან გამომდინარე, ვიზიტორების რაოდენობა საგრძნობლად შემცირდა ასევე კურორტ ,,ახტალაზეც”. კურორტის დირექტორის გიორგი უტიაშვილის ინფორმაციით, მიუხედავად იმისა, რომ საკურორტო სეზონი დაიწყო, კურორტი პირველი მაისის ნაცვლად 17 ივნისიდან გაიხსნა. ,,კორონავირუსის გამო გვიან გაიხსნა საკურორტო სეზონი. გახსნისნამდე შევიძინეთ ყველა ის ინვენტარი და ხსნარები, რაც რეგულაციებით იყო გათვალისწინებული. სწორედ ამის შემდეგ განვაახლეთ მუშაობა. დამსვენებელთა რაოდენობა გასულ წლებთან შედარებით საგრძნობლად შემცირებულია. გახსნის მომენტში ვიზიტორების მეტი რაოდენობა იყო, შემდეგ კი მოიკლო და დღეში შეიძლება ორი სამი პაციენტი შემოვიდეს. მიუხედავად ამისა, მაინც ვაგრძელებთ მუშაობას. გვაქვს ასევე შეკვეთები. ,,ახტალაზე” მოსულ დამსვენებლებს ტალახის აბაზანებით, სამკურნალო ვარჯიშებით, მასაჟით, ფიზიოთერაპიული საშუალებებით და ელექტროტალახით მკურნალობით შეუძლიათ ისარგებლონ. უახლოეს პერიოდში დაიწყება კურორტის რეაბილიტაცია, რაც ითვალისწინებს ახალი სანატორიუმების, სასტუმროების და სააბაზანო განყოფილების მშენებლობას, რისთვისაც ,,ახტალის” ტერიტორიაზე არსებული რამდენიმე ძველი შენობა დაინგრა და მომზადდა ადგილი მშენებლობისთვის”,– განუცხადა Knews.ge-ს გიორგი უტიაშვილმა.
გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერიის საერთაშორისო პროექტების მართვისა და ტურიზმის განვითარების განყოფილების უფროსი ნინო ნინოშვილი განმარტავს, რომ კორონავირუსმა და მასთან დაკავშირებულმა შეზღუდვებმა ეკონომიკასა და ტურიზმზე უარყოფითი გავლენა მოახდინა. მისივე თქმით, ვიზიტორების სიმცირის გამო, საოჯახო მარნების და აგროტურისტული ცენტრების უმეტესობას მუშაობა შეჩერებული აქვს.
,,პანდემიამ უარყოფითი გავლენა მოახდინა ეკონომიკაზე და განსაკუთრებით ტურიზმზე. გურჯაანში ძირითადად ღვინის ტურიზმია განვითარებული და საოჯახო მარნები ფუნქციონირებს. მათ აღარ ყავთ მომხმარებელი და ტურისტების გარეშე არიან დარჩენილი. ამიტომ ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მიერ აქცენტი კეთდება ადგილობრივ ტურისტებზე, თუმცა მათი რაოდენობა ვერ ახდენს კომპენსირებას. მერია ხელს უწყობდა და ავითარებდა სახელმწიფო გრანტების მეშვეობით სექტორს, ხდებოდა ახალი ბიზნესობიექტების და აგროტურისტული ცენტრების გახსნა.
ტურიზმის განვითარებისთვის ,,აწარმოე საქართველოში“ დაფინანსებით, იმედი გვაქვს შემოდგომაზე ახალი პროექტები განხორციელდება. გარდა ამისა, მუნიციპალიტეტში ტურიზმის განვითარებისთვის დაგეგმილია სოფელ ველისციხის ნაწილის რეაბილიტაცია. პროექტირების ეტაპი დასრულებულია და ტენდერიც გამოცხადდება. ჩვენ ასევე DMO-სთან ერთად ვმუშაობთ ღვინის და ტურისტული ობიექტების რუკების შექმნაზე. იმედი გვაქვს, რომ საიმიჯო კლიპთან ერთად ყველაფერი მზად იქნება’’,– განუცხადა Knews.ge-ს ნინო ნინოშვილმა.
ტურიზმი წლების განმავლობაში ქართული ეკონომიკის ერთ-ერთი პრიორიტეტული დარგი იყო და მთავრობის მხრიდან მისი მასტიმულირებელი არაერთი ღონისძიება გატარებულა. ტურიზმს, მართლაც განსაკუთრებული მნიშვნელობა გააჩნია საქართველოსთვის, ვინაიდან საქართველო გამოირჩევა ლამაზი ბუნებით, ისტორიული შენობა-ნაგებობებით, მრავალმხრივი ლანდშაფტითა და სტუმართმოყვარე ხალხით. ტურიზმის წილი ქვეყნის მთლიან შიდა პროდუქტში 6%-დან 7%-მდე მერყეობს (საქსტატის თანახმად, 2014 წლის წინასწარი მონაცემებით, ტურიზმის წილმა ქვეყნის ეკონომიკის მთლიან გამოშვებაში 6.6% შეადგინა), რაც ქვეყნის მნიშვნელოვანი შემოსავალია. განსაკუთრებული ყურადღება ენიჭება საერთაშორისო ტურიზმს, რადგან ის საერთაშორისო ვალუტის შემოდინების მნიშვნელოვანი წყაროა და ეროვნული ვალუტის გაუფასურების ზეწოლას ამცირებს. თუმცა, ქვეყნისათვის არანაკლებ მნიშვნელოვანია შიდა ტურიზმი.
საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია შიდა ტურიზმს შემდეგნაირად განიხილავს: შიდა მოგზაურობა არის მოცემულ პერიოდში საქართველოს რეზიდენტების მოგზაურობა ჩვეული გარემოს გარეთ, რომლის განმავლობაშიც ისინი ახორციელებენ დანახარჯებს აქტივობებსა და განთავსების საშუალებებზე, რითაც წვლილი შეაქვთ ადგილობრივი ეკონომიკის განვითარებაში. შიდა ტურიზმს მნიშვნელოვანი ადგილი უკავია მსოფლიო ტურიზმის მთლიან გამოშვებაშიც. 2013 წელს შიდა ტურიზმზე მსოფლიო ტურიზმის მთლიანი გამოშვების 71.3% მოდიოდა, ხოლო საერთაშორისო ტურიზმზე 28.7%. როგორც ვხედავთ, შიდა ტურიზმი მასშტაბურად აღემატება საერთაშორისო ტურიზმს და საკმაოდ დიდი წვლილი შეაქვს ქვეყნების მთლიან გამოშვებასა და ეკონომიკის განვითარებაში.
მოამზადა მაკა ხაზიურმა