რატომ ვერ იყიდება ქართული ხორბალი
10 დღეში ალოობა დაიწყება. თუმცა შარშანდელი მოსავლის 10-15% ჯერ კიდევ გაუყიდავია, რადგან ბაზარზე მოთხოვნა დაბალია.
ალაზნის ველზე მოსავლის აღების პროცესი მალე დაიწყება. მემარცვლე ფერმერები შექმნილ პრობლემებზე საუბრობენ. შარშანდელი მოსავალი ამ დრომდე გასაყიდი აქვთ. პრობლემებზე ამახვილებს ყურადღებას მარცვლეულის მწარმოებელთა ასოციაციის ხელმძღვანელი ნიკოლოზ ბენიაიძე. იგი განმარტავს, რომ მთავრობა დარგის პრობლემებით უნდა დაინტერესდეს.
„ძალიან დაბალია ფასები და მყიდველი არ არის. ისევ გასაყიდია ძველი მოსავალი და დიდი პრობლემებია. როგორც ფქვილზე მოხდა დამატებითი საფასურის შემოღება, ასევე უნდა მოხდეს საფურაჟე ხორბალზე და ქერზე. ორი გამოსავალია: ერთი ნაბიჯი გადადგა მთავრობამ გადასახადის დაწესებით და კარგია, მაგრამ ეს არის მხოლოდ სასურსათო ხორბლისთვის. ხორბალს მინიმალურ ფასად, 70 თეთრადაც არავინ ყიდულობს. 1000 ტონიანი კვოტა იყო დადგენილი, რომლის ფარგლებშიც ფერმერების ნაწილმა გაყიდა ცოტა მოსავალი, მაგრამ ამან დაგვანახა, რომ გაცილებით მეტი ფერმერია დაზარალებული და მეტი ოდენობის მარცვლეული არის გასაყიდი. ”,- განუცხადა knews.ge-ს ნიკოლოზ ბენიაიძემ.
მისი განმარტებით, ასოციაცია გეგმავს პრობლემების მოგვარების მოთხოვნით ხელისუფლებას მიმართოს.
,,ფერმერებში ვნებათაღელვაა დიდი და პრობლემაა მოსაგვარებელი. ასევე წისქვილები რომ გააქტიურდნენ, ჩაერთონ პროცესებში და მოსავალი აქტიურად ჩაიბარონ, თორემ ძალიან მძიმე მდგომარეობაა”,-აცხადებს ნიკოლოზ ბენიაიძე.
ფერმერების განმარტებით, გასულ წელს მოყვანილი რამდენიმე ასეული ტონა ხორბალი საწყობებში აქვთ შენახული, რომელიც ფუჭდება და ხარისხს კარგავს. მარცვლეულის მწარმოებელთა ასოციაციის ინფორმაციით, ქართველი ფერმერები ვერ უძლებენ კონკურენციას რუსეთიდან იმპორტირებულ იაფ ხორბალთან.
ასოციაციის თავმჯდომარე აღნიშნავს, რომ საქართველოში მოყვანილი ხორბალი ქვეყნის მოთხოვნის მხოლოდ 20%-ს შეადგენს, თუმცა ამ მცირე რაოდენობის რეალიზაციაც კი პრობლემატურია.
“იმპორტირებული ხორბალი აქტიურად შემოდის, რამაც ხელი შეუშალა ადგილობრივი ხორბლის გაყიდვას, რადგან კონკურენციას ვერ ვეწევით და პროდუქცია თვითღირებულებაზე დაბალ ფასად იყიდება. დარჩენილია შარშანდელი მოსავალიც, რადგან მოთხოვნა ძალიან დაბალია. შესაბამისად, არ არის სახარბიელო მდგომარეობა ამ მიმართულებით.
როდესაც ალოობა იწყება, ფასები ყოველთვის დაბლა მოდის ხოლმე. ახლაც ძალიან დაბალია ფასები, 55 თეთრის ფარგლებში მერყეობს და ამას ემატება ის, რომ მოთხოვნა არ არის. ფაქტობრივად ის 200 ათასი ტონა, რასაც ვამბობთ, რომ მოვიდა გასულ წელს, ვერ გაიყიდა და დაახლოებით 10-15% ისევ დარჩენილია სარეალიზაციოდ”, – აცხადებს ბენიაიძე.
ასოციაციის ხელმძღვანელი ამბობს, რომ წელს წარმოების ხარჯები მკვეთრად გაიზარდა: გაძვირდა ადგილობრივი და იმპორტირებული სასუქები, დიზელი და კომბაინების მომსახურება. თუ შარშან მარცვლეულის თვითღირებულება 60-63 თეთრი იყო, წელს ეს ციფრი კიდევ უფრო გაიზარდა, იმ პირობებში, როცა საბაზრო ფასი იკლებს.
„ის 20%, რაც მოსავალი მოგვყავს, ისიც არ იყიდება იმ ფასში, რომ 5-10 თეთრის მოგება მოუტანოს ფერმერს. ეს არის დღევანდელი რეალობა. ამიტომ რაღაც ღონისძიებები უნდა გაატაროს მთავრობამ, სამინისტრომ, რომ ამ მდგომარეობიდან გამოვიყვანოთ ფერმერები.
რაღაც სამართლიანი წესები უნდა იყოს გატარებული, რომ გადარჩნენ ფერმერები. მოსაკრებელი, რომელსაც ექსპორტის დროს რუსეთი ადებდა პროდუქციას, დღესდღეობით მოხსნილია, ამიტომ დაბალ ფასად შემოდის რუსული მარცვლეული ქვეყანაში. ასეთი მდგომარეობაა…”, – აცხადებს ბენიაიძე.

