14 ივნისი ქართული კინოს ვარსკვლავის, ნატო ვაჩნაძის დაბადების დღეა
14 ივნისი ქართული კინოს ვარსკვლავის, ნატო ვაჩნაძის როგორც დაბადების, ასევე გარდაცვალების დღეა. 1904 წელს ვარშავაში დაბადებული მსახიობი დაიღუპა 1953 წელს, საავიაციო კატასტროფაში, მოსკოვიდან თბილისში მგზავრობის დროს.
თვითმფრინავმა, რომლითაც მსახიობი მგზავრობდა სამეგრელოს ტერიტორიაზე, სოფელ ობუჯთან განიცადა კატასტროფა. ნატოს დამწვარი სხეული მისმა დამ – კირა ანდრონიკაშვილმა საგვარეულო პატარა ბრილიანტის ბეჭდით ამოიცნო. ნატო ვაჩნაძე დაკრძალულია დიდუბის მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა პანთეონში.
ნატო ვაჩნაძის დაღუპვის ცნობამ არა მხოლოდ საქართველო, არამედ მთელი საბჭოთა კავშირი შეძრა. არ დარჩა გამოცემა – ჟურნალი ან გაზეთი, რომელმაც მსახიობის ნეკროლოგი არ გამოაქვეყნა.
ქალაქ გურჯაანში კინომსახიობ ნატო ვაჩნაძის სახლმუზეუმი 1981 წლიდან ფუნქციონერებს.
მსახიობისა და მისი ოჯახის წევრების პირადი მემორიალური ნივთების გარდა, მუზეუმში დაცულია კახეთის მხარისთვის დამახასიათებელი ყოფისა და ეთნოგრაფიის მასალები და ადგილობრივი მოსახლეობის მიერ შემთხვევით აღმოჩენილი არქეოლოგიური ნივთები.
მუზეუმში ექსპონატების ნახვის გარდა, ტურისტებს ისტორიულ მარანში ღვინის დაგემოვნებაც შეუძლიათ.
მუზეუმის მენეჯერი, როზა აფციაური ამბობს, რომ ტურისტების რაოდენობა მცირეა, რადგან ვაჩნაძის სახლ-მუზეუმი საქართველოს ტურისტულ მარშრუტში არ არის შეყვანილი. სახლ-მუზეუმსა და მარანშია გადაღებული ცნობილი ქართული ფილმი ,,რაც გინახავს ვეღარ ნახავ”.
,,მუზეუმი წარმოადგენს კულტურულ ძეგლს. ეს სტატუსი მან მიიღო 2002 წელს და ჩვენ ამით ვამაყობთ. გვაქვს ასევე მარანიც, სადაც ტურისტებს შეგვიძლია შევთავაზოთ ღვინის დეგუსტაცია და მივაწოდოთ ინფორმაცია მეღვინეობის ტრადიციაზე, ასევე შეგვიძლია შევთავაზოთ ჩურჩხელა” – განუცხადა knews.ge-ს როზა აფციაურმა.
ნატო ვაჩნაძის დედა პოლონელი იყო, ბებია გერმანელი, დიდი ბებია კი იტალიელი მომღერალი.