სოფელ ველისციხეში კორონავირუსით ინფიცირებული ქალის 7 კონტაქტია გამოვლენილი
გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ველისციხეში მცხოვრები კოვიდინფიცირებული 42 წლის ქალის 7 კონტაქტია გამოვლენილი.
დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის კახეთის განყოფილების უფროსის, ნელი ხიზანიშვილის ინფორმაციით, აღნიშნული პირების ბიოლოგიური ნიმუშები გამოსაკვლევად დღეს გაიგზავნება.
მისივე თქმით, ტესტირება ჩაუტარდა ასევე ქალთან ახლო კონტაქტში მყოფ ერთ პირს, რომლის პასუხიც უარყოფითია.
,,კახეთში ბოლო 24 საათის განმავლობაში არაფერი შეცვლილა. რაც შეეხება ერთ დადასტურებულ შემთხვევას, 42 წლამდე ქალი გადაყვანილია თბილისში, შესაბამის დაწესებულებაში და მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. სოფელ ველისციხეში ეპიდკვლევა ჩატარებულია, თუმცა სამუშაოები დღესაც გრძელდება.
ინფიცირებულ ქალბატონს არ აქვს მრავალრიცხოვანი კონტაქტები, მოძიებულია და ნიმუშები აღებულია მხოლოდ შვიდ კონტაქტზე. მათგან ერთი, მისი მეღლე იყო საყურადღებო, რადგან ახლო კონტაქტია, მაგრამ ტესტმა უარყოფილთი შედეგი აჩვენა.
დანარჩენი პირების ბიოლოგიური ნიმუშები დღეს გაიგზავნება და პასუხები მოგვიანებით გახდება ცნობილი”,– განაცხადა ნელი ხიზანიშვილმა.
მისი განცხადებით, ქალის ინფიცირების წყარო ამ დროისთვის უცნობია.