ზემო და ქვემო ალვანის მოსახლეობა სასმელი წყლის პრობლემის მოგვარებას ითხოვს
ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფლების ზემო და ქვემო ალვანის მოსახლეობა დახმარებას ითხოვს. მათი თქმით, რამდენიმე თვეა დაბინძურებული სასმელი წყალი მიეწოდებათ.
ადგილობრივების ინფორმაციით, ყოველი წვიმის დროს ონკანზე ტალახიანი წყალი მოსდით, რომელსაც ხშირად ჭიებიც მოყვება. ისინი რეაგირებას თვითმმართველობას და შესაბამის სამსახურებს სთხოვენ.
სოფელ ზემო ალვანში მცხოვრები დავით ლაგაზიძე განმარტავს, რომ პრომლება დიდი ხანია აწუხებთ. მისი თქმით, მოსახლეობამ დახმარების თხოვნით თვითმმართველობას არაერთხელ მიმართა თუმცა უშედეგოდ.
,,ონკანებზე დაბინძურებული წყალი მოდის. ტალახიანია და ჭიებიც მოყვება. ჯანმრთელობისთვის საზიანოა მისი დალევა. თვითმმართველობასაც მივმართეთ თუმცა უშედეგოდ, რადგან პრობლემა არ გამოსწორდა’’,- განუცხადა Knews.ge-ს დავით ლაგაზიძემ.
ალვანში მცხოვრები მაია ხეცოიძე სოციალურ ქსელში ვიდეოს და ფოტოს ავრცელებს, სადაც განმარტავს, რომ ფოტოზე ასახული ჭიები ონკანზე წყალს გამოყვა.
,,ეს ჭიები ჩვენს სასმელ წყალს გამოყვა. ამ წყლის დალევა ადამიანისთვის საზიანოა’’,- წერს სოციალურ ქსელში მაია ხეცოიძე.
ახმეტის მუნიციპალიტეტის მერიას დაქვემდებარებული ააიპ ,,ახმეტის წყლის სისტემების მოვლა-პატრონობის“ ხელმძღვანელი, ზურა უძილაური განმარტავს, რომ ისინი მოსახლეობის სუფთა წყლით მომარაგებისთვის სხვადასხვა სახის სამუშაოებს ახორციელებენ. მისი თქმით, წყლის ამღვრევას უხვი ნალექი იწვევს.
იგი ასევე განმარტავს, რომ პრობლემის არსებობის შემთხვევაში აუცილებელია მოსახლეობამ დეტალური ინფორმაცია მათ სამსახურს მიაწოდოს, რომ დაიწყოს შესაბამისი სამუშაოების განხორციელება.
,,იმისთვის, რომ მოსახლეობამ მიიღოს სუფთა წყალი, ტარდება ინტენსიური დაქლორვითი სამუშაოები. რაც შეეხება წყლის სიმღვრივეს, როცა ადიდდება კალაპოტი, მოგეხსენებათ რომ ეს არის ალაზნის დრენაჟები და შეიძლება მაშინ მოხდეს წყლის შეფერვა. ეს ბუნებრივი პროცესია და ჩვენ ამას წინ ვერ დავუდგებით.
რაც შეეხება იმას, რომ ჭიები მოყვება წყალს, ამაზე არ გვაქვს ინფორმაცია და მეტი ფაქტობრივი მტკიცებულებების წარმოდგენაა საჭირო, რომ გავერკვეთ სიტუაციაში. ამ შემთხვევაში აუცილებელია მოსახლეობამ მიმართოს ჩვენს სამსახურს, ან სოფელში მერის წარმომადგენელს’’,- განუცხადა knews.ge-ს ზურა უძილაურმა.
ფოტო: დავით ლაგაზიძე