ახალი ამბები

14 წლის ბიჭმა სიღნაღში მდებარე სათნოების სახლისთვის ჰოლანდიაში 40 000 ევრო შეაგროვა

14 წლის გიორგი ვენკომ სკოლაში საქველმოქმედო აქციაზე, ასევე, მსოფლიოს მასშტაბით, 40 ათასი ევრო შეაგროვა და სიღნაღში, ბროწლიანის სათნოების სახლს დაეხმარა.

შეგროვებული ფულით მან მოხუცთა თავშესაფარს წყალი გაუყვანა და სახურავი გამოუცვალა. ის ფულს ორი წლის განმავლობაში აგროვებდა.

ქველმოქმედების შესახებ ინფორმაცია სოციალურ ქსელში ფოტოგრაფმა გოგა ჩანადირმა გაავრცელა.  მისი თქმიოთ, გიორგიმ საქველმოქმედო ფონდიც – „დავეხმაროთ საქართველოს“ შექმნა, რომელიც შშმ ბავშვების დახმარებაზეა ფოკუსირებული.

,,მან სკოლაში საქველმოქმედო აქციაზე, ასევე, მსოფლიოს მასშტაბით, 40 ათასი ევრო შეაგროვა და ბროწლიანის სათნოების სახლს მოახმარა. წყალი გაუყვანა და სახურავი გამოუცვალა. წარმოგიდგენიათ? მან ეს 12-13 წლის ასაკში მოახერხა,“ – წერს გოგა ჩანადირი.

გიორგი ვენკო ჰოლანდიაში ცხოვრობს. ის დედით ქართველია და მამით  ამერიკელი. ბროწლიანის სათნოების სახლის პრობლემაზე სწორედ დედისგან გაიგო. მისი 2-3 წლით უფროსი ძმა ლევანიც ქველმოქმედია. ის წნორის მოხუცთა თავშესაფარს ეხმარება.

ბიჭების დედა კი ტურისტული კომპანია Tika Tours-ის ხელმძღვანელია. სწორედ ამ კომპანიამ წარადგინა საქართველო გასულ წელს ყვავილების საერთაშორისო ფესტივალზე. ყვავილების ნარიყალა და ქართლის დედა ტომოჰონის ინტერნაციონალურ ყვავილების ფესტივალზე მსოფლიოს უამრავმა ადამიანმა ნახა.

ბროწლიანის სახლში ამ ეტაპზე 26 ბენეფიციარია.  თავშესაფარში აცხადებენ, რომ აღნიშნული დახმარების შემდეგ შესაძლებლობა ექნებათ კიდევ 20 ბენეფიციარს მოუარონ.