ახალი ამბები

ბუშეტის საბავშვო ბაღში აღსაზრდელების მოწამვლის სამ ვერსიას განიხილავენ

თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ ბუშეტში მოწამლული აღსაზრდელებს ამ დრომდე თელავის რეფერალურ და ბავშვთა საავადმყოფოებში მკურნალობენ.

როგორც „კახეთის ხმას“ თელავის ბავშვთა საავადმყოფოს დირექტორმა განუცხადა, აღსაზრდელების წყლისგან, საკვები პროდუქტებისგან და ვირუსისგან ინტოქსიკაციის ვერსიები განიხილება.
თამილა თეიმურაზიშვილის ინფორმაციით, სურსათის ეროვნული სააგენტოს წარმომადგენლებმა პროდუქტებიდან და წყლიდან სინჯები გამოსაკვლევად თბილისში უკვე წაიღეს. ლაბორატორიული კვლევის შედეგები რამდენიმე დღეში გახდება ცნობილი.
თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ ბუშეტის საბავშვო ბაგა-ბაღში 20-ზე მეტი ბავშვი გუშინ მოიწამლა. ისინი თელავის ორ საავადმყოფოში სასწრაფო დახმარების ბრიგადებმა გადაიყვანეს. ბაგა-ბაღების გაერთიანების ხელმძღვანელი თინათინ ხანჯალიაშვილი პროდუქტით ბავშვების მოწამვლას გამორიცხავს და ამბობს, რომ სააღმზრდელო დაწესებულებაში სურსათი ვარგისია.


ბავშვების მოწამვლის ფაქტზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება დაიწყო საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 124-ე მუხლით, რომელიც გაუფრთხილებლობით ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე ან მძიმე დაზიანებას გულისხმობს.

ავტორი: ნიკოლოზ ესიტაშვილი