სოფელ ართანაში დაშავებული მუშები კვლავ საავადმყოფოში რჩებიან
თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ ართანაში მშენებარე სასტუმროს კედლის ჩამონგრევის შედეგად დაშავებული მუშები კვლავ საავადმყოფოში განაგრძობენ მკურნალობას.
ისინი თელავის რეფერალურ საავადმყოფოში და ავთანდილ ყამბარაშვილის სახელობის კლინიკაში არიან მოთავსებულები. როგორც „კახეთის ხმას“ საავადმყოფოს დირექტორმა განუცხადა, მათ გულ-მკერდის ტრამვა დახურული აღენისნებათ, თუმცა მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.
„ჩვენთან ორი დაშავებული მკურნალობს. ორივეს აქვს გულ-მკერდის დახურული ტრამვა, მხოლოდ ერთს აღენიშნება მოტეხილობა, თუმცა ქირურგიული ჩარევა არ არის საჭირო. მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია“, – განაცხადა ხათუნა ჭონიაშვილმა.
მომხდარ ფაზქტზე შინაგან საქმეთა სამინისტროს გამოძიება დაიწყო საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე მუხლის პირველი ნაწილით, რაც გულისხმობს სამთო, სამშენებლო ან სხვა სამუშაოს წარმოებისას უსაფრთხოების წესის დარღვევას, რომელმაც გამოიწვია ადამიანის ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე ან მძიმე დაზიანება. სოფელ ართანაში მშენებარე სასტუმროს კედელი გუშინ ჩამოინგრა. შემთხვევის შედეგად ოთხი მუშა დაშავდა. ისინი სხეულის სხვადასხვა დაზიანებით სასწრაფო დახმარების ბრიგადამ თელავის რეფერალურ საავადმყოფოში და ავთანდილ ყამბარაშვილის სახელობის კლინიკაში მოათავსა.
ავტორი: ნიკოლოზ ესიტაშვილი