ანაგის მაცხოვრებელმა, რომელსაც „იმედის” დადგმულ კადრში ნაგვის დაყრას ედავებოდნენ, სასამართლო მოიგო
სიღნაღის რაიონულმა სასამართლომ განიხილა საქმე, სადაც გარემოსადცვისზედამხედველობის დეპარტამენტი სოფელ ანაგაში მცხოვრებ ნინო გოგოლაშვილს გარემოს დანაგვიანებას ედავებოდა. მან სასამართლო მოიგო.
ნინო გოგოლაშვილ სოფელ ანაგაში ნაგვით დაბინძურებულ გარემოს აპროტესტებდა, რომელის შესახებაც ტელეკოპანია იმედმა სიუჯეტი მოამზადა. გოგოლაშვილის განმარტებით, სიუჟეტის გადაღებისას ტელეკომპანია „იმედის“ ჟურნალისტებმა ნინოს სთხოვეს, ტელეკამერის წინ (კადრისთვის) ნაგავსაყრელად ქცეულ ტერიტორიაზე ნაგავი გადაეყარა, რაც მან შეასრულა. სიუჟეტში ჩანს, როგორ მიაქვს ნინო გოგოლაშვილს პარკით საყოფაცხოვრებო ნარჩენები და იქ გაშლილ ნაგავთან აგდებს. სიუჟეტის გასვლიდან რამდენიმე დღის შემდეგ აქტივისტთან გარემოსდაცვის ზედამხედველობის დეპარტამენტიდან მივიდნენ და ტერიტორიის დანაგვიანებისთვის სამართადდარღვევის ოქმი გამოუწერეს.
ნარჩენების მართვის კოდექსის მიხედვით, გარემოს დანაგვიანება 80-იდან 500 ლარამდე ჯარიმით ისჯება. გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის იურისტის განმარტებით, გოგოლაშვილის ქმედებაში აშკარად იკვეთებოდა სამართალდარღვევა და უწყებას არ ჰქონდა ინფორმაცია სიუჟეტში გასული დადგმული კადრის შესახებ. სასამართლო სხდომას იმედის ჟურნალისტი თამარ კობახიძეც ესწრებოდა, რომელმაც დაადასტურა, რომ ეს იყო დადგმული კადრები და გადაღების შემდეგ, ნინო გოგოლაშვილმა ნაგვის პარკი აიღო. მოსამართლემ ნინო გოგოლაშვილი დანაშაულის არარსებობის გამო უდანაშაულოდ სცნო და საქმე დახურა.
ავტორი: ნიკოლოზ ესიტაშვილი