ბუშეტის საბავშვო ბაღში ბავშვების მოწამვლის ფაქტზე გამოძიება დაიწყო
თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ ბუშეტში აღსაზრდელების მოწამვლის ფაქტზე გამოძიება დაიწყო.
როგორც “კახეთის ხმას” შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, საქმეს კახეთის პოლიციის დეპარტამენტის თელავის რაიონული სამმართველო საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 124-ე მუხლით იძიებს, რომელიც გაუფრთხილებლობით ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე ან მძიმე დაზიანებას გულისხმობს.
თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ ბუშეტის საბავშვო ბაგა-ბაღში 20-ზე მეტი ბავშვი გუშინ მოიწამლა. ისინი თელავის ორ საავადმყოფოში სასწრაფო დახმარების ბრიგადებმა გადაიყვანეს. ჯერჯერობით უცნობია, კონკრეტულად, რა გახდა ბავშვების ინტოქსიკაციის მიზეზი. სპეციალისტები არ გამორიცხავენ, რომ ამის მიზეზი სასმელი წყალია.
ბაგა-ბაღების გაერთიანების ხელმძღვანელი თინათინ ხანჯალიაშვილი პროდუქტით ბავშვების მოწამვლას გამორიცხავს და ამბობს, რომ ბაღში სურსათი ვარგისია.სურსათის ეროვნული სააგენტოს წარმომადგენლებმა უკვე შეამოწმეს ბაღში შეტანილი საკვები პროდუქტები და ასევე სოფლის მეურნეობის ლაბორატორიაში წყლის სინჯები გააგზავნეს. სააღმზრდელო დაწესებულება სამი დღით დაიხურა.
ავტორი: ნიკოლოზ ესიტაშვილი