აშშ-ში მოღვაწე თელაველმა ექიმმა კახეთის რეგიონს ვაქცინის შესანახად –80 გრადუსზე მომუშავე მაცივარი გადასცა
ამერიკის შეერთებულ შტატებში მოღვაწე თელაველმა ტელენევროლოგმა, დავით მრელაშვილმა კახეთის რეგიონს „ფაიზერის“ ვაქცინის შესანახად –80 გრადუსზე მომუშავე მაცივარი საჩუქრად გადასცა.
დავით მრელაშვილის განცხადებით, მაცივარი უკვე ადგილზეა და ის 529 ლიტრის ტევადობისაა, რაც სრულად აკმაყოფილებს კახეთისთვის “ფაიზერის” ვაქცინის ტევადობას.
ცნობისთვის, საქართველომ „ფაიზერის“ ვაქცინის 30 000-მდე დოზა უნდა მიიღოს. ვაქცინა ქვეყანაში თებერვლის ბოლოს უნდა ჩამოსულიყო, თუმცა, გადაიდო.
საქართველოს ჯანდაცვის უწყების განმარტებით, ამის მიზეზი კომპანიის მხრიდან დამატებითი მოთხოვნის წამოყენება გახდა. “ფაიზერის” ვაქცინის მიღების კონკრეტული თარიღი კვლავ უცნობია. შეგახსენებთ, ამერიკაში მოღვაწე თელაველმა ექიმმა, ასევე პულსოქსიმეტრები, ჟანგბადის კონცენტრატორები, სამედიცინო პლანშეტები, LCD ტელევიზორი და ლეპტოპები შეიძინა და უსასყიდლოდ გადასცა სამედიცინო დაწესებულებებს.
დავით მრელაშვილმა ასევე შეიძინა დასაკეცი საწოლები. გადააკეთა და თელავის რაიონულ საავადმყოფოს გადასცა. მისივე ინიციატივით, გურჯაანის „ჯეო ჰოსპიტალსში“, ადგილობრივ სამედიცინო პერსონალთან თანამშრომლობით, დანიერგა ონლაინ კლინიკა და სახლში მყოფ კოვიდ პაციენტებს ყოველდღიურ რეჟიმში ახლაც ემსახურება. 2020 წლის დეკემბრის ბოლოსთვის ონლაინ კლინიკა 5000-ზე მეტ პაციენტს დისტანციურად მოემსახურა.