Nana’s Bakery – 190 ლარის ინვესტიციით შექმნილი საცხობი გურჯაანში
პანდემიის დროს მთარგმნელი ნანა ზარდიაშვილი თბილისიდან კახეთში, მშობლების სახლში დაბრუნდა. უქმად გაჩერების ნაცვლად საკუთარი საცხობი ,,Nana’s Bakery” გახსნა და მიტანის სერვისი შექმნა.
ნანამ საქმიანობა ერთი თვის წინ სცადა, 190 ლარად პროდუქტებისთვის სპეციალური ყუთები შეიძინა და მცირე ბიზნესი წამოიწყო. ახლა უკვე გურჯაანელებს ფრანგულ კრუასანს, იტალიურ პიცას, ინდურ პურსა და სხვა ეთნიკურ კერძებს სთავაზობს.
იტალიური ენის თარჯიმანი ერთი წლის წინ ტურისტულ სფეროში მოღვაწეობა, თუმცა ცხობის ბიზნესით მას შემდეგ დაინტერესდა, რაც პანდემიის გამო დაწესებული შეზღუდვების გამო საყვარელი საქმიანობა შეჩერდა და იძულებული გახდა ბავშვობის ქალაქში დაბრუნებულიყო.
,,ვთარგმნი მხატვრულ ლიტერატურას იტალიურიდან ქართულ ენაზე, ვარ იტალიური ენის თარჯიმანი და ათ წელზე მეტია ვმუშაობ ტურისტულ სფეროში. ჯერ მხოლოდ ერთი თვეა რაც კულინარიული საქმიანობა დავიწყე და Nana’s Bakery შევქმენი, – გვიამბობს ის. “
ნანა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტეტის იტალიური ფილოლოგიის ფაკულტეტის კურსდამთავრებულია, ასევე წარმატებით ისწავლა იტალიის პერუჯის უნივერსტეტში, სადაც იტალიური კულტურისა და ენის კურსს ეუფლებოდა. ის თავისუფალი უნივერსტეტის კულინარიის აკადემიის კურსდამთავრებულიცაა და ამჟამადაც სწავლას აგრძელებს ილიას სახელმწიფო უნივერსტეტში მაგისტრატურაზე.
ნანას მაგალითზე თამამად შეიძლება ითქვას, რომ სწავლული კონდიტერი იტალიური კულტურის შთაგონებით კულინარიულ შედევრებს ქმნის.
ზოგადად, არ შემიძლია უსაქმოდ ყოფნა. დეპრესიაში მაგდებს ისეთი სიტუაციები, როცა არაფერს ვაკეთებ. პანდემიის გამო, როცა ტურისტული სფერო გაჩერდა და საზღვრები ჩაიკეტა, უსაქმოდ რომ არ ვყოფილიყავი, ჩავაბარე მაგისტრატურაზე, მივიღე გრანტი და დავიწყე სწავლა. ახალი წლის დღეებში კი კოვიდი დამიდასტურდა, გურჯაანში ჩამოვედი, იზოლაციაში აქ ვიყავი. ბევრი დრო მქონდა საფიქრელად, მივხვდი, რომ სწავლის გარდა, დამატებით სხვა რამის გაკეთება მინდოდა.
გურჯაანში დიდი ხანია არ მიცხოვრია და აქაურ რეალობას კარგად არ ვიცნობ, მაგრამ ჩამოსვლისას, ყოველთვის მაკლდა რამე კარგი ადგილი, სადაც მეგობრებთან ერთად დაჯდომას და გემრიელი და უცხო კერძების დაგემოვნებას შევძლებდი. ამიტომ, ვიფიქრე, რომ ჩემი ჰობი და ნაწილობრივ პროფესიაც, გურჯაანში რამე საინტერესო სიახლის დასანერგად გამომეყენებინა”,- განუცხადა knews.ge-ს ნანა ზარდიაშვილმა.
მისი თქმით, იდეა საცხობის გახსნისა და მიტანის სერვისის ამოქმედების შესახებ თავის იტალიელ მეგობარს გაუზიარა, რომელიც სპეციალური ლოგოს დამზადებაში დაეხმარა და ნანაც საყვარელ საქმეს შეუდგა.
,,აზრი აღნიშნული საქმიანობის დაწყების შესახებ, გავუზიარე ჩემს იტალიელ მეგობარს. მეორე დილით კი მეილზე, დასაბეჭდად გამზადებული, აწყობილი ლოგო დამხვდა, ტექსტით: ,,ახალი იდეა = ახალ ეტაპს ცხოვრებაში”. ასე სპონტანურად და ერთ დღეში, გაჩნდა ,,ნანას ბეიქერი”. 190 ლარის ინვესტიციით ვიყიდეთ ყუთები და დავფარეთ ლოგოს დაბეჭდვის ხარჯი. ასევე შევიძინეთ პირველი მენიუსთვის საჭირო ძირითადი პროდუქტები”,- განაცხადა Knews.ge-სთან საუბრისას ნანა ზარდიაშვილმა.
მისი ინფორმაციით, საქმიანობის დაწყებისას და მენიუს შედგენისას, მთავარი ინსპირაცია კიდევ ერთი გატაცება – მოგზაურობა იყო. ნანა სხვადასხვა ქვეყნებში მოგზაურობის შემდეგ სახლში დაბრუნებული იმ ქვეყნის სამზარეულოს დღეს აწყობდა და მათ ნაციონალურ კერძს ამზადებდა, რაც მის მეგობრებსა და ოჯახის წევრებში დიდ ინტერესს იწვევდა.
სწორედ აქედან წამოვიდა იდეა, რომ გურჯაანელებისთვის ტრადიციული სამზარეულოს გარდა, უცხო და ორიგინალური კერძების შეეთავაზებინა.
,,კულინარიის ინტერესი მოგზაურობისას და სხვადასხვა ქვეყნების სამზარეულოების დაგემოვნების შემდეგ გამიჩნდა. ჩემი ოჯახისთვის, ყველა მოგზაურობიდან დაბრუნების შემდეგ, ვაწყობდი იმ ქვეყნის სამზარეულოს დღეს. ვამზადებდი სადილს, ან ვახშამს კონკრეტულ თემატიკაზე და ვირჩევდი კონკრეტული ქვეყნის სამზარეულოს. ეს მოგზაურობის შთაბეჭდილების გაზიარების და ახალი ქვეყნის სამზარეულოს გაცნობის საშუალება იყო.
ახლა, როცა ძალიან მენატრება მოგზაურობა, სხვადასხვა ქვეყნის სამზარეულოს კერძების მომზადება და გურჯაანელებისთვის მათი გაზიარება, ჩემთვის ახალი მოგზაურობის და შთაბეჭდილებების ტოლფასია. როცა მენიუს ვადგენდი, ვფიქრობდი, რომ საინტერესო იქნებოდა, არა ტრადიციული კერძების, არამედ რამე უცხოს და ორიგინალურის შეთავაზება.
ვიცი, რომ ცოტა სარისკო გადაწყვეტილება იყო, მაგრამ გაამართლა. ერთი თვის გამოცდილებაზე დაყრდნობით, შემიძლია ვთქვა, რომ გურჯაანელები ძალიან აფასებენ ნამდვილ ფრანგულ კრუასანს, იტალიურ პიცას, ინდურ პურს და სხვა ეთნიკურ კერძებს”,- აღნიშნა ნანა ზარდიაშვილმა.
ნანას თქმით, აქამდე გურჯაანში მსგავსი სერვისი არ არსებობდა. ამ ეტაპზე პროდუქციას მხოლოდ შეკვეთით ამზადებს, რომელსაც სპეციალურად შექმნილ ფეისბუქ გვერდის საშუალებით იღებს.
,,პროდუქციას ვამზადებ მხოლოდ შეკვეთით. შეკვეთა კი შესაძლებელია ფეისბუქ გვერდზე, ან ტელეფონით. გვაქვს ასევე მიწოდების სერვისი. მე არ შემიძლია ისეთი საქმის კეთება, რომელიც არ მიყვარს და არ მაინტერესებს. ,,ნანას ბეიქერის” ამბავი იქამდე გაგრძელდება, სანამ ამ საქმეში თავს რეალიზებულად ვიგრძნობ.
ამ ეტაპზე გურჯაანში მსგავსი სერვისი ძალიან საჭირო რამაა და ეს საქმე ბევრი საინტერესო სიახლის დანერგვის და სხვადასხვა იდეის განხორციელების საშუალება იქნება ჩემთვის. ” – ამბობს ნანა.
რედაქციისაგან: კახეთში და მით უფრო გურჯაანში, სადაც კაფეტერიების დეფიციტია, ასეთი გამორჩეული გემოვნების, მაღალი კლასისა და მრავალფეროვნებით გამორჩეული მენიუ, მართლაც დიდი იშვიათობაა.
გურმანებს გირჩევთ, მოძებნეთ ,Nana’s Bakery” ფეისბუქით, ხოლო ახალგაზრდა მეწარმე ნანას და მის გემრიელ ფანტაზიებს დიდ წარმატებას ვუსურვებთ.