გურჯაანში სტიქიისგან დაზარალებული მოსახლეობა დახმარებას ითხოვს
გურჯაანში სტიქიისგან დაზარალებული მცხოვრები მოსახლეობა დახმარებას ითხოვს.
მათი ინორმაციით, ადიდებულმა მდინარეებმა, ალაზანმა და ინაბოტმა 1000 ჰექტარზე მეტ ტერიტორიაზე არსებული მრავალწლიანი ხეხილი და ვენახები დატბორა. დაზარალებულების თქმით, სტიქიამ ყველაზე მეტად სოფლები ძირკოკი და ჭანდარი დააზარალა.
ადგილობრივები ამბობენ, რომ მოსავალი დაზღვეული არ ჰქონდათ, რომლის მიზეზად სადაზღვევო კომპანიების მხრიდან დროის გაჭიანურებას ასახელებენ.
„ყველაფერი წყალმა წაიღო. რაც არ დაზიანდა დატბორილია, ისიც გაფუჭდება. სადაზღვევო კომპანიაში კი გვითხრეს, რომ 15 მაისამდე არ დააზღვევდნენ მოსავალს. სტიქიის სეზონია და ახლა უნდა მომხდარიყო მოსავლის დაზღვევა”, – აცხადებენ ადგილობრივები.
გურჯაანის მერის არჩილ ხანდამაშვილის თქმით, მდინარე ალაზანსა და ინაბოტზე დამცავი გაბიონი რომ ყოფილიყო, სტიქიის თავიდან აცილება შესაძლებელი იქნებოდა.
„აქ კაპიტალური ჯებირები იყო, თუმცა 90-იანი წლების ბოლოს მოთხარეს და გაყიდეს. ხალხი კი ახლა ამ მდგომარეობაშია. აუცილებელია ორ კილომეტრიანი დამცავი გაბიონის მშენებლობა“, – განაცხადა არჩილ ხანდამაშვილმა.
მისივე ინფორმაციით, სტიქიის შედეგების ლიკვიდაციას, სამუშაოები დღეს დილიდან გაანახლდა. დატბორილი სახლებიდან წყლის ამოტუმბვის სამუშაოებში მოსახლეობას მეხანძრე-მაშველები ეხმარებიან. მდინარის კალაპოტებში წყლის დონის დაწევის შემდეგ ნაპირსამაგრი სამუშაოებიც განახლდება.