ახალი ამბები

ახმეტის საკრებულოს სხდომა ჩაიშალა

ახმეტის მუნიციპალიტეტის საკრებულოში ხმაურის გამო სხდომა ჩაიშალა. სხდომაზე სოფელ ზემო და ქვემო ალვანის მოსახლეობა მივიდა. ისინი ფშაველი-აბანო-ომალოს გზის გაწმენდის სამუშაოების საკითხის განხილვას ითხოვდნენ.

საკრებულოს თავმჯდომარის ინფორმაციით, ამ ეტაპზე საკრებულოს სხდომის გაგრძელებას ვერ მოახერხებენ, რადგან მოსახლეობა დარბაზის დატოვებას არ აპირებს.

როგორც თამარ ყეინიშვილმა აღნიშნა, თუშეთის გზის ვითარების შესაფასებლად, საგზაო დეპარტამენტი ადგილზეა და ვითარებას სწავლობს. საკრებულოს სხდომა სამი საათისთვის გადაიდო.

ხმაური იყო გუშინაც. ქვემო ალვანში გამართულ აქციაზე ადგილობრივი მოსახლეობა კომპანიის წარმომადგენლებთან შეხვედრას ითხოვდა, თუმცა აქციაზე არავინ გამოჩენილა.

კომპანია „არილი“ უკვე რამდენიმე თვეა თუშეთის გზის გაწმენდის სამუშაოებს აწარმოებს.

შეგახსენებთ, რომ გადაუღებელი წვიმის შედეგად 10 მაისს ფშაველი-აბანო-ომალოს დამაკავშირებელი ერთადერთი საავტომობილო გზა ჩაიხერგა. ადგილზე გაწმენდითი სამუშაოები თითქმის დასრულებული იყო, თუმცა უხვი ნალექის შედეგად ადიდებულმა მდინარე სტორმა 150 მეტრამდე გზის მონაკვეთი მთლიანად დაფარა. სტიქიის შედეგად გზის რამდენიმე მონაკვეთზე მეწყერი ჩამოწვა. ამ დრომდე უცნობია გზის გახსნის თარიღი.

ფშაველი-აბანო-ომალოს გზა თუშეთთან დამაკავშირებელი ერთადერთი საავტომობილო მონაკვეთია, რომელიც დიდთოვლობის გამო ოქტომბრის შუა რიცხვებიდან მაისის შუა რიცხვებამდე იკეტება.

ნიკოლოზ ესიტაშვილი