ახმეტაში მატყლის გადამამუშავებელი საწარმო გაიხსნა
ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელ ზემო ალვანში, “საქართველოს ბანკის” მხარდაჭერით მატყლის მინი გადამამუშავებელი საწარმო გაიხსნა, რომელიც წარმატებულად ოპერირებს. მატყლის წლიური გადამუშავება 60-70 ტონას შეადგენს.
ბანკის წარმომადგენლების ინფორმაციით, საწარმო ხელს უწყობს მეცხვარეობის განვითარებასაც, რადგან პროდუქციის წარმოებისთვის იყენებს ადგილობრივ მატყლს, თუშ მეცხვარეებს კი აღარ უწევთ მატყლის გასაღების ბაზრის მოძიება.
საწარმოს ძირითადი მომხმარებლები კი სპეციალიზირებული მაღაზიები, პროფესიული სასწავლებლები, კერძო სახელოსნოები და ფიზიკური პირები არიან.
პროექტის ინვესტიციის ჯამური მოცულობა 160 000 ლარია. ბანკის მხრიდან პროექტის დაფინანსებისთვის 52 000 ლარი გამოიყო. საწარმოში ამ ეტაპზე 10 ადამიანია დასაქმებული.
„ახალ საწარმოში იწარმოება ძაფი და თექა. მიგვაჩნია, რომ ასეთი პროექტების განხორციელება რეგიონისთვის მნიშვნელოვანია, რადგან ის ხელს უწყობს ბიზნესის განვითარებას და ახალი სამუშაო ადგილების შექმნას”, – განაცხადეს „საქართველოს ბანკის“ წარმომადგენლებმა.