რა პრობლემის წინაშე დგანან კახელი მევენახეები
კახეთში „რთველი 2020“ ფინალურ ფაზაშია. დღეის მდგომარეობით, ღვინის საწარმოებს ყურძენი 24 ათასამდე მევენახემ ჩააბარა.
მევენახეების თქმით, წელს მოსული სტიქიის გამო, უხარისხო მოსავალი ჰქონდათ, რამაც ყურძნის დაბალ შაქრიანობაზე იმოქმედა.
“კერძო ქარხნებმა ვერ შეძლეს ბევრი ყურძნის მიღება, რადგან პანდემიის გამო დარჩენილი ჰქონდათ წინა წლის ღვინოები. ყურძენი იყო დასეტყვილი და უხარისხო. ამის გამო კი შაქრიანობის მაჩვენებელი ძალიან დაბალი იყო. რა თქმა უნდა ეს ყველაფერი ცუდად აისახა ყურძნის ფასზე”,- განუცხადეს knews.ge-ს მევენახეებმა.
როგორც გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროში აცხადებენ, წელს არცერთ ფერმერს არ დარჩება ყურძენი ჩაუბარებელი.
ღვინის ქარხნებში კი ამბობენ, რომ მათ შაქრის მაჩვენებლის ნორმაც კი დაწიეს, რომ მევენახეებს ყურძნის ჩაბარების შესაძლებლობა ჰქონოდათ.
” ყველა ყურძენზე იყო შაქრის დაბალი მაჩვენებელი. თვითონ ქარხნის ვენახებიც ძალიან დაზარალდა, ვერ მივიღეთ ისეთი მოსავალი როგორც წინა წელს. ეპიდემიამ შეგვიშალა ხელი ყურძნის მიღებაში, რადგან ნაშთში დარჩენილი გვაქვს წინა წლის მოსავალი, ამიტომ მოუწია ქარხანას ცოტა ყურძნის მიღება “- განუცხადა knews.ge-ს Gevelli-ს ღვინის ქარხნის მარკეტინგის მენეჯერმა სალომე ჯიმშიტაშვილმა.
5 ოქტომბრის მონაცემებით, „რთველი 2020“-ის ფარგლებში, კახეთში 247 ათას ტონამდე ყურძენი გადამუშავდა, მევენახეებმა ყურძნის რეალიზაციით 260 მლნ ლარი მიიღეს.
ავტორი: მარიამ ოქროცვარიძე