კახეთში საპარლამენტო არჩევნების მეორე ტური ერთ ოლქში ჩატარდება
საპარლამენტო არჩევნების მეორე ტური 21 ნოემბერს გაიმართება. მაჟორიტარული წესით არჩევნები კახეთის ორი ოლქიდან ერთში, თელავი–ყვარელი–ახმეტა– ლაგოდეხის საარჩევნო ოლქში გაიმართება, სადაც უბანზე მისულ ამომრჩეველს ბიულეტენზე მხოლოდ ორ კანდიდატს შორის მოუწევს არჩევანის გაკეთება.
ცენტრალური საარჩევნო კომისიის ინფორმაციით, აღნიშნულ ოლქში ხმების 47, 26% ქართული ოცნების კანდიდატმა, ირაკლი ქადაგიშვილმა მოიპოვა 40, 43% კი გაერთიანებული ოპოზიციის კანდიდატმა გიორგი ბოტკოველმა.
მიუხედავად არჩევნების მეორე ტურის დანიშვნისა, ოპოზიცია არჩევნების შედეგებს არ ეთანხმება და აპროტესტებს. მათი თქმით, ხელისუფლებამ არჩევნები გააყალბა. 2020 წლის არჩევნებზე ბარიერი 9 პარტიამ გადალახა, თუმცა პარტიების ლიდერების გადაწყვეტილებით ისინი პარლამენტში შესვლას არ აპირებენ და ხელახალი არჩევნების ჩატარებას ითხოვენ.
არჩევნების მეორე ტურში არ მიიღებს მონაწილეობას თელავი– ყვარელი– ახმეტა– ლაგოდეხის საარჩევნო ოლქში გაერთიანებული ოპოზიციის კანდიდატი გიორგი ბოტკოველი. მისი თქმით, ყველა ოპოზიციური ძალა ერთად დგას იმისთვის, რომ დაიცვან ის ადამიანები რომელსაც წაართვეს ხმის უფლება.
,,ჩვენ უნდა დავიცვათ ის ადამიანები, ვინც ძალით მიიყვანეს საარჩევნო უბნებზე, მოისყიდეს და დააშინეს იმისთვის, რომ რაღაც შედეგი მიეღოთ. არაფრად მიღირს დეპუტატობა, თუ არ ვიქნები პირნათელი და მართალი იმ ხალხთან, ვინც მხარი დამიჭირა, ვისაც ხმა არ მოაცემინეს და წაართვეს. არავითარი მეორე ტური და არავითარი პროპორციული სიით ჩემი შესვლა იქ, სადაც ამ ქვეყნის მაცხოვრებელი ადამიანების ხმას არ ექნება ფასი!,- აცხადებს გიორგი ბოტკოველი.
,,ევროპული საქართველოს” მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის, ზურაბ ჭიაბერაშვილის თქმით, ხალხს არჩევანის უფლება წაართვეს და ამას არ შეეგუებიან. სწორედ ამ მოთხოვნებით გამართა 8 ნოემბერს გაერთიანებულმა ოპოზიციამ აქცია თბილისში, რომელიც წყლის ჭავლის გამოყენებით დაშალეს.
,,არ შევეგუებით იმას, რომ ქართველ ხალხს წაართვეს არჩევანის უფლება. თუ ივანიშვილს ეს გაუვიდა, მაშინ ამ ქვეყანას მომავალი არ აქვს და ეს იქნება უკიდურესი გაჭირვება და სიღარიბე”,– განაცხადა ჭიაბერაშვილმა.
მიუხედავად ოპოზიციის პროტესტისა, აღნიშნულ საარჩევნო ოლქში მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ,,ქართული ოცნებიდან” ირაკლი ქადაგიშვილი აქტიურ წინასაარჩევნო კამპანიას განაგრძობს და მოსახლეობას მხარდაჭერსკენ მოუწოდებს.
,,აქტიურად განვაგრძობ საარჩევნო კამპანიას და ვაცხადებ სრულ მზაობას ღირსეული გამარჯვების მოსაპოვებლად. მოსახლეობასთან ერთად, უკვე განხორციელებულ პროექტებზე და მათ წინაშე არსებულ პრობლემებსა და გამოწვევებზე ვმსჯელობთ. შეხვედრებზე, ყურადღებას ვამახვილებთ 31 ოქტომბერს მიღწეულ შედეგზე.
კიდევ ერთხელ, მოვუწოდებ ჩვენს თანამოქალაქეებს აუცილებლად მიიღონ მონაწილეობა არჩევნებში, რათა ერთად განვამტკიცოთ მიღწეული გამარჯვება. მიხარია, რომ ჩვენი მოსახლეობა შესანიშნავად ხედავს და აფასებს ქართული ოცნების ხელისუფლების მონაპოვარს, რასაც მშვიდობა, სტაბილურობა და განვითარება ჰქვია’’,– განაცხადა ირაკლი ქადაგიშვილმა.
ცენტრალური საარჩევნო კომისიის მონაცემებით, თელავის, ახმეტის, ყვარლისა და ლაგოდეხის მე-10 საარჩევნო ოლქში, 153 609 ამომრჩეველია რეგისტრირებული. არჩევნებისთვის აღნიშნულ ოლქში შეიქმნება 154 საარჩევნო უბანი. მარტივად ადაპტირებული უბნების რაოდენობა იქნება 6, ხოლო პანდუსიანი უბნების რაოდენობა 34.
არასამთავრობო ორგანიზაციები პოლიტიკურ პარტიებს კრიზისის დიალოგის გზით მოგვარებისკენ მოუწოდებენ.
„სამწუხაროა, რომ როგორც წინასაარჩევნო პერიოდი, ისე არჩევნების დღე და ხმის დათვლის პროცესი მრავალრიცხოვანი დარღვევების ფონზე მიმდინარეობდა. წინასაარჩევნო პერიოდში ფაქტიურად გამქრალი იყო ზღვარი მთავრობასა და მმართველ პარტიას შორის; მრავლად იყო ადმინისტრაციული რესურსის გამოყენების შემთხვევები; სამართალდამცავი ორგანოების ქმედებებში იკვეთებოდა სავარაუდო პოლიტიკური გავლენები როგორც საარჩევნო დარღვევების გამოძიების, ასევე პოლიტიკურად მოტივირებული გამოძიების დაწყების კუთხით.
არჩევნების დღე გამოირჩეოდა სადამკვირვებლო ორგანიზაციების წარმომადგენლებზე და ჟურნალისტებზე თავდასხმის, ამომრჩევლის მოსყიდვის, საარჩევნო უბნების გარეთ დაპირისპირების ინციდენტების სიმრავლით. ასევე პრობლემას წარმოადგენდა შემაჯამებელ ოქმებში დაფიქსირებული უზუსტობები, კერძოდ დისბალანსის მაღალი მაჩვენებელი, რაც ბოლო რამდენიმე არჩევნებზე არ დაფიქსირებულა, გადასწორებები, შესწორების ოქმების გაუმჭვირვალედ და ობიექტური შესწავლის გარეშე შედგენა. ამ პრობლემების ფონზე, საოლქო საარჩევნო კომისიების მიერ უბნების შედეგების გადათვლის შესახებ საჩივრების დაკმაყოფილებაზე დაუსაბუთებელი უარი და მთელი რიგი სხვა გარემოებები საზოგადოების დიდ ნაწილში არჩევნების შედეგების სანდოობასთან და ლეგიტიმურობასთან დაკავშირებით სერიოზულ კითხვებს აჩენს.
აღნიშნული გარემოებების გამო, ოპოზიციამ მეორე ტურში მონაწილეობაზე უარი განაცხადა და მომავალი პარლამენტის ბოიკოტირების გზა ერთსულოვნად აირჩია. ვერანაირ კრიტიკას ვერ უძლებს 8 ნოემბრის ღამეს ცესკოს წინ შეკრებილი დემონსტრანტების წინააღმდეგ სამართალდამცავების ქმედება, რამაც არსებული მდგომარეობა კიდევ უფრო დაამძიმა”,- ნათქვამია საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს (TI), ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის (GYLA) , სამართლიანი არჩევნების და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოების (ISFED) ერთობლივ განცხადებაში.