ახალი ამბები

„ევროკავშირმა წინასწარი ონლაინ რეგისტრაციის საჭიროება გააუქმა – ცვლილება 29-ვე ქვეყანაში 10 აპრილამდე დაინერგება“

ევროკავშირმა არაევროკავშირის წევრი ქვეყნების მოქალაქეებისთვის, რომლებიც შენგენის ზონის 29 ქვეყანაში მოკლევადიანი ვიზიტით მიემგზავრებიან, Entry/Exit System (EES)–ის ახალი ციფრული სასაზღვრო რეგისტრაციის პლატფორმის დანერგვა დაიწყო. ინფორმაციას ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტი ავრცელებს.

მათივე ცნობით, პასპორტებზე ბეჭდის დასმა სრულად ელექტრონულად ხორციელდება და მონაცემების დაფიქსირების ახალი პროცედურა EES სისტემაშია გაერთიანებული.

„ევროკავშირმა მგზავრებისთვის წინასწარი ონლაინ რეგისტრაციის საჭიროება გააუქმა და ყველა საჭირო ინფორმაციის საზღვარზე – სპეციალური დახლის ან მესაზღვრის დახმარებით დაფიქსირება უზრუნველყო,“ – ნათქვამია ინფორმაციაში.

სისტემა 2025 წლის ოქტომბრიდან ამოქმედდა და 2026 წლის 10 აპრილამდე ევროკავშირის 29-ვე ქვეყანაში შესვლისას საზღვარზე სრულად დაინერგება.

ქუთაისის აეროპორტის ინფორმაციით, ინიციატივა საზღვარზე რიგების შემცირებას, უსაფრთხოების გაძლიერებას და არაევროკავშირის მოქალაქეების გადაადგილების გამარტივებას ემსახურება.