მუსიკალური საკრავების სპეციალისტი და ლოტბარი ახმეტიდან
ახმეტის მუნიციპალიტეტში მცხოვრები 33 წლის გოჩა გილაძე ხალხურ მუსიკალურ საკრავებს ამზადებს. ის პროფესიით ფოლკლორისტი და ლოტბარია, ასევე არის ფოლკლორული ანსამბლ “ბახტრიონის” და ბავშთა ანსამბლ “ზენაის” ხელმძღვანელი და ასევე სათავგადასავლო და ექსრემალური ტურების გიდია.
გოჩას თქმით, სიმღერა და ხეზე მუშაობა ბავშვობიდან უყვარდა, წლების წინ წინაპრების დაწყებული საქმე გააგრძელა და ბიზნესად აქცია.
,,პროფესიით ვარ ფოლკლორისტი, ხალხური სიმღერის და მუსიკალური ინსტრუმენტების სპეციალისტი. ბავშობიდან მიზიდავდა ხეზე მუშაობა და ნივთების დამზადება. ვუყურებდი და ვეხმარებოდი პაპას როდესაც ხისგან რამე ნივთს აკეთებდა. ვცდილობდი დამოუკიდებლად მეც გამეკეთებინა რამე.
ჩემი პროფესია საჭიროებდა კარგ და ზუსტ მუსიკალურ ინსტრუმენტებს რაც იშვიათი იყო. ამიტო გადავწყვიტე ჩემი ეს ორი პროფესია ერთმანეთთან დამეკავშირებინა და თავად დამემზადებინა”,- განუცხადა Knews.ge-ს გოჩა გილაძემ.
მისი თქმით, სახელოსნო ,,ებანი” 2019 წელს გახსნა და დღემდე ცდილობს მის განვითარებას და გაფართოებას.
,,2013 წლიდან დავიწყე სახელოსნოზე ფიქრი და მისი მოწყობა ჩემს ენერგიას და ფინანსებს მას განვითარებაში.
ჩემმა ნამუშევრებმა დიდი ინტერესი გამოიწვია მუსიკალურ საზოგადოებაში და მეტი სტიმული მომეცა, რომ ჩემი სახელოსნო ყოფილიყო მრავალპროფილური და ბანკის მეშვეობით შევძელი შემეძინა საჭირო დანადგარები. 2019 წელს საგრანტო კონკურსში მივიღე მონაწილეობა და მოვიპოვე გრანტი, რითაც შევძელი სახელოსნოს განვითარება.
ჩემი მიზანი იყო შემექმნა ბრენდი და თავი დამემკვიდრებინა ადგილობრივ ბაზარზე. სახელოსნოში მზადდება თითქმის ყველა ის მუსიკალური რომელიც ტრადიციულია. მუსიკალური ინსრუმენტები მზადდება სხვადასხვა ხე-მასალისგან. ცაცხვი, ნეკერჩხალი, კაკალი, თუთა, ჭერემი და ა.შ. მას იყენებენ სახელმწიფო და ფოლკლორული ანსამბლები, მუსიკალური სტუდიები და მოყვარული შემსრულებლები”,– აღნიშნა გოჩა გილაძემ.
ხელოვანი ახალგაზრდა აღნიშნავს, რომ ახალგაზრდების დაინტერესება დიდია ხალხური სიღერით და ფანდურზე დაკვრის სწავლის მიმართულებით.
,,საბედნიეროდ დაინტერესება დიდია ახალგაზრდებში ხალხური სიმღერის და ფანდურის შესწავლაზე. ეს კი ძალიან მახარებს, რადგან ამით ვუფრთხილდებით ჩვენს ტრადიციებს და ვინარჩუნებთ მათ. რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, ქართული ფოლკლორი მსოფლიომ აღიარა და გავხდით მსოფლიო სომპოზიუმის მასპინძლები. საბედნიეროდ დღეს უკვე პოპულარულია ტრადიციული სიმღერა და მუსიკალურ ინსტრუმენტები”,- განაცხადა გოჩა გილაძემ Knews.ge-სთან საუბრისას.
მისი თქმით, პანდემიამ და მასთან დაკავშირებულმა შეზღუდვებმა მის საქმიანობაზეც მოახდინა გავლენა. იგი განმარტავს, რომ დაწესებული შეზღუდვების უცხო ქვეყნიდან ვეღარ მოდიან ვიზიტორები, რაც ცუდად აისახა ტურიზმის განვითარებაზე. ის სამომავლოდ საგრანტო კონკურსებში მონაწილეობას და სახელოსნოს გაფართოებას გეგმავს.
,,2019 წელს გავხდი ტრადიციული რეწვის ასოციაციის წევრი, ამავდროულად ვარ ახმეტის ლაგის წევრიც. ასევე მის საგრანტო კონკურსშიც ვიღებ მონაწილეობასაც და დაფინანსების შემთხვევაში შევძლებ სახელოსნოს განვითარებას და დამატებითი სერვისების შექმნას.
სამომავლოდ ვგეგმავ ვიზიტორებისთვის ვორქშოფების ჩატარებას და იმ ისტორიის გაცნობას ტრადიციული მუსიკალური საკრავების და ფოლკლორის შესახებ. ასევე ვგეგმავ ტურისტებისთვის ნაციონალური კერძების და ოჯახური მარნის ღვინის დაგემოვნებას. მსურს პოპულარიზაცია გავუწიო ქართულ ტრადიციებს, ხელსაქმეს და სხვებსაც გავუზიარო ჩემი ცოდნა”,- განაცხადა გოჩა გილაძემ.