რა სიახლეები იგეგმება და რა წარმატებებს მიაღწია თელავის სახელმწიფო თეატრმა
თელავის ვაჟა-ფშაველას სახელობის სახელმწიფო დრამატული თეატრი, რომელიც დიდი ისტორიის მატარებელია და კახეთის რეგიონში ერთადერთია, ყოველ წელს უფრო მეტ წარმატებას აღწევს. გასული და წლევანდელი წელი თეატრისთვის და მისი მსახიობებისთვის განსაკუთრებულად მნიშვნელოვანი და წარმატებული იყო.
რა წარმატებას მიაღწიეს თელავის თეატრის მსახიობებმა და რა სამომავლო გეგმები აქვს თეატრის ხელმძღვანელს, მსახიობ პაატა გულიაშვილს, ის knews.ge-ს ვრცლად ესაუბრა.
რა წარმატებას მიაღწია თელავის თეატრმა, როგორია წლევანდელი წელი, რამდენად დატვირთულია და რას სთავაზობთ მაყურებელს?
– თელავის თეატრს მუშაობა კოვიდის დროსაც არ შეუწყვეტია. დაიწერა კონკრეტული პიესა და დაიდგა სპექტაკლი ,,კოვიდ 19 ანუ შეზღუდვები ქართულად”. მსახიობებმა სპექტაკლი ღია ცის ქვეშ დადგეს. ახალი სპექტაკლის სცენარი ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით ნიკა რამიშვილმა დაწერა. ამ სპექტაკლით, მთელი საქართველო შემოვიარეთ. ყოველ პარასკევს გვაქვს წარმოდგენა და ღიაა ჩვენი კარი ყველასთვის. აქ ნახავთ კარგ სპექტაკლებს, ჩვენი მიზანი თქვენი გახარებაა. ეს არის განათლების კარგი გზა, რომელიც დიდმა ხელოვანებმა დაიწყეს და უნდა გავაგრძელოთ.
გასული და წლევანდელი წელი ძალიან წარმატებული იყო ჩვენთვის. შარშან გრანპრის მფლობელებიც გავხდით რეგიონის თეატრებს შორის. ეს იყო ნოდარ დუმბაძის მესამე საერთაშორისო თეატრალურ ფესტივალზე, რეჟისორ ლევან წულაძეს სპექტაკლით “კაცია – ადამიანი?!”. სწორედ მაშინ ავიღეთ მთავარი პრიზი – გრანპრი: ნოდარ დუმბაძის პრემია, ფულადი ჯილდო 10 000₾. გარდა ამისა, თელავის მერიამ დაგვიფინანსა საგასტროლო ტურნე, ამას იმიტომ ვუსვამ ხაზს, რომ კულტურის სამინისტროს ვექვემდებარებით და თვითმმართველობის ყურადღება ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია.
ბედნიერი ვარ, რომ ჩემი ხელმძღვანელობის პერიოდში, მეორედ, რობერტ სტურუამ თელავის თეატრში გააკეთა დადგმა. ერთ-ერთი იყო აინრიხ ფონ კლაისტის ნაწარმოების “გატეხილი ქოთანის” მიხედვით. ,დადგმის ხელმძღვანელი და რეჟისორი იყო რობერტ სტურუა, რეჟისორი ნიკოლოზ ჰაინე-შველიძეა და მხატვარი კი, მირიან შველიძე. ამან ბევრი წარმატება მოუტანა თეატრს. თეატრალური პრემია ,,დურუჯი“ ვანო იანტბელიძემ აიღო, გარდა ამისა, შვიდმა მსახიობმა გაიმარჯვა სხვადასხვა ნომინაციაში და ეს ძალიან მნიშვნელოვანი იყო.
გარდა ამისა, გასულ წელს, ხელოვანთა პროფესიული დაჯილდოების ცერემონიალზე, უილიამ შექსპირის “ვენეციელ ვაჭარში” – შეილოკის პერსონაჟის შესრულებით მე მოვიპოვე წლის საუკეთესო მამაკაცის ტიტული.
რას აკეთებთ იმისთვის, რომ თეატრი წარმატებული იყოს, რა გამოწვევებია და შესაძლებლობები?
-27 მარტს თეატრის საერთაშორისო დღე იყო და ამის ფარგლებში, თელავის თეატრის წინ მოხდა მსახიობ ნონა ხუმარაშვილის ვარსკვლავის გახსნა და ასევე გაიმართა გოგი ჩაკვეტაძის სპექტაკლის ,,ლიბიდო“ პრემიერა. ვარსკვლავის გახსნის გარდა, დაჯილდოვდნენ მსახიობები: ლაშა წიფლაშვილმა აიღო კახი კავსაძის სახელობის ჯილდო, ნინო დვალიშვილმა აიღო ბელა მირიანაშვილის სახელობის ჯილდო, მსახიობ გიორგი გელაშვილს კი გივი ბერიკაშვილის სახელობის ჯილდო გადაეცა., ვერიკო ანჯაფარიძის სახელობის პრემია გადაეცა ნონა ხუმარაშვილს, აკაკი ხორავას სახელობის პრემია მიენიჭა თემურ ხუნაშვილს. ასევე სოფიკო ჭიაურელის სახელობის ჯილდო გადაეცა მსახიობ ეთერ ბაბილაშვილს. პრემია და ჯილდო მიიღო მსახიობმა ვენერა ფეიქრიშვილმა., რეჟისორმა გოგი ჩაკვეტაძემ კი ახმეტელის პრემია აიღო. ეს ჩამონათვალი ბევრია და სწორედ ეს არის თელავის თეატრის წარმატება. ამით შევავსეთ თეატრის ისტორია.
მომავალი წლისთვის რა სიახლეების განხორციელება იგეგმება?
-წელი კარგად დაიწყო, ერთი პრემიერა ვითამაშეთ. ახლა თემურ ხუნაშვილი აკეთებს საინტერესო ლიტერატურულ სპექტაკლს და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, მისი სპექტალები მაყურებლის სიმრავლით გამოირჩევა. ასეთ სპექტაკლებზე სრული ანშლაგი გვაქვს ხოლმე და აქედან გამომდინარე, გადავწყვიტეთ, რომ რევაზ ინანიშვილის ნაწარმოებები და მოთხროები გაეკეთებინა სპექტაკლად. მან რამდენიმე ნაწარმოები ერთმანეთს გადააბა და სპექტაკლი მაყურებლის წინაშე მზად არის წარსადგენად. მისი ფორმატი იქნება კითხვით თამაში და იქ ნახავს მაყურებელი თუ როგორ ესხმება ხორცი სპექტაკლის დადგმას მანამ, სანამ, იქნება სცენაზე წარმოდგენილი. ეს იქნება სარეპეტიციო დრო და ვაჩვენებთ რა ხდება კულისებს მიღმა. ეს მარტივი ჩასატარებელი იქნება როგორც ქუჩაში, ასევე მუნიციპალიტეტებში.
გარდა ამისა, ასევე ჩამოდის გაგა გოშაძე, რომელიც ბათუმის თეატრის წარმომადგენელია., ის დადგავს ფრანგულ პიესას. კონკრეტულად რომელს, ჯერ ამაზე შეჯერებულები არ ვართ. პრემიერა საზაფხულო სეზონის დახურვამდე იქნება. ასევე აქტიურად ვემზადებით 7 ნოემბრისთვის, ერეკლეობისთვის. სამინისტრომ დაგვაფინანსა და პროექტს გააკეთებს ნიკოლოზ საბაშვილი, რომლის სახელი იქნება ,,პატარა კახი“. ეს პიესა არ იქნება სხვების ნაირი, სადაც მხოლოდ მსახიობები თამაშობენ. ასევე იქნება ფოლკლორი, ცეკვა, ბრძოლის და ხალხმრავლობის სცენები და ეს არ იქნება მხოლოდ მსახიობებით შემოფარგლული. ვგეგმავთ, რომ ამაში ჩაერთონ ხელოვნების წარმომადგენლები, რომლებიც კახეთში ამ მიმართულებით მუშაობენ.
თქვენი აზრით, რამდენად მნიშვნელოვანია რეგიონში თეატრის აქტიური მუშაობა და რას უწყობს ეს ხელს?
-თეატრის აქტიურად მუშაობა რეგიონისთვის მნიშვნელოვანია. ამ ბოლო პერიოდში, ძალიან მოიმატა მაყურებელმა, რაც სასიხარულოა. კახეთის რეგიონში 8 მუნიციპალიტეტია და თელავის თეატრის მსგავსი არ არის. ვფიქრობ, მნიშვნელოვანია ახალგაზრდების ჩართვა, დაინტერესება ამ კუთხით. ერთი თეატრი გვაქვს, უნდა მოვუაროთ და მოვუფრთხილდეთ, ასევე მსახიობებსაც სჭირდებათ დახმარება და დაფასება.
რა სიახლეების განხორციელებას გეგმავთ იმისთვის, რომ უფრო აქტიურად იმუშავოთ და მაყურებელიც მოიზიდოთ?
-მიუხედავად ბევრი წარმატებისა, გვაქვს ასევე გამოწვევები. მაგალითად: ახალგაზრდების ჩამოყვანაა საჭირო, რომ დაიდგას ახალი სპექტაკლები და განხორციელდეს პროექტები.
თუ დასი დაძველდა, გაიცვითა, ახალგაზრდებით არ ჩანაცვლდა, არაფერი არ გამოვა. ამიტომ, ვფიქრობ, რომ არის საკითხები, რომლებიც ადვილად გადასაწყვეტია. ახალგაზრდებს უნდა მივცეთ საშუალება, რომ ჩვენთან იყვნენ, თუმცა, მაინც მივდივართ ფინანსურ საკითხამდე. ახალგაზრდა თუ თბილისიდან ჩამოვიდა, მას სჭირდება შენახვა, ბინის ქირა და ხელფასი, რასაც აქ აიღებს, ვერ დააკმაყოფილებს. ამიტომ არის მთელი რიგი საკითხები, რომელიც შეიძლება განიხილოს და გადაიჭრას.
ჩემი აზრით, დასს სჭირდება გადახალისება, ამას დიდი ხანია ვამბობ. მე ხალხს თეატრიდან ვერ გავუშვებ, მაგრამ ახალგაზრდა თაობა უნდა შემოგვიერთდეს, რომ ერთ დონეზე არ გავჩერდეთ. ჩემი მმრთველობის სამი წელი დამრჩა და ვგეგმავ რეორგანიზაციისთვის, კულტურის და განათლების სამინისტროსთან ერთად. ხაზგასმით ვამბობ, რომ ეს არავის გაშვებას არ გულისხმობს. მაგალითად შეიძლება მოვიდეს ჯგუფი და უმტკივნეულო თანაცხოვრება მოხდეს ახალგაზრდებთან ერთად. ახლა კი გვყავს ახალგაზრდები, მაგრამ მეტია საჭირო. აუცილებელია სამი თაობა მაინც იყოს თეატრში, რომ კარგი პიესები დავდგათ. ახალგაზრდა სისხლი ყოველთვის საინტერსეოა და ამას აუცილებლად გავაკეთებთ.
გასულ თვეს, თეატრის წინ გაიხსნა მსახიობ ნონა ხუმარაშვილის ვარსკვლავი. სამომავლოდ თუ იგეგმება სიახლე ამ კუთხით?
-მსახიობებისთვის თელავის თეატრის წინ ვარსკვლავების გახსნა მაშინ დაიწყო, როცა მე თეატრში მოვედი. მე თეატრში გავიზარდე და ზუსტად ვიცი მსახიობებს რა ღვაწლი აქვთ და რა გაუკეთებიათ. გარდა მსახიობებისა, არიან ხალხი, რომლებიც თეატრისთვის ბევრ საქმეს აკეთებენ და არ ჩანან. ამ მიმართულებითაც ვფიქრობთ მათი ღვაწლის დაფასებას.რაც შეეხება ვარსკვლავების გახსნას, რამდენიმე მსახიობის ვარსკვლავია უკვე გახსნილი თელავის თეატრის წინ. ამის მიზანია მსახიობების ღვაწლის დაფასება. ამაზე მეტი დაფასება არ არსებობს. სამომავლო გეგმები ამ და სხვა მიმართულებით ბევრი გვაქვს, ვნახოთ რა გამოვა.