ფიტნეს-ცენტრებისთვის სესხების სუბსიდირება მოხდება
საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, სესხები ფიტნეს-ცენტრებსაც დაუსუბსიდირდება. მსგავსი სახის დახმარება ბიზნესმა ჯერ კიდევ გასულ წელს მოითხოვა.
აღნიშნული დახმარების მოთხოვნით ფიტნეს ცენტრების წარმომადგენლებმა აქცია გამართეს და საქართველოს მთავრობას გახსნის ნაცლად ხელშეწყობა კიდევ ერთხელ სთხოვეს.
მათი თქმით, ისინი მძიმე ფინანსურ პირობებში ამოქმედებას ვერ შეძლებენ, თუ სახელმწიფო ფინანსურ მხარდაჭერას არ აღმოუჩენს. საგადასახადო შეღავათები და საბანკო სესხების სუბსიდირება – ეს ის ორი მთავარი მოთხოვნაა, რომლითაც ფიტნეს-ცენტრები მთავრობას მიმართავდნენ.
ეკონომიკის მინისტრის ნათია თურნავას თქმით, სპორტ დარბაზებს „აწარმოე საქართველოს“ სესხების სუბსიდირების პროგრამაში ჩართავენ.
„ფიტნეს კლუბები ის ინდუსტრიაა, რომლის თებერვალში გახსნა არ გვაქვს დაგეგმილი, სამაგიეროდ, დავეხმარებით სესხების პროცენტის სუბსიდირებაში. ეს გადაწყვეტილება მომზადებულია და უახლოეს მთავრობის სხდომაზე გავიტანთ“, – განაცხადა თურნავამ.