თელავში მრავალბინიანი კორპუსების ეზოების კეთილმოწყობის პროექტი 2021 წლის სექტემბერში დასრულდება
თელავის მუნიციპალიტეტის მერიის ინფრასტრუქტურის განყოფილების უფროსის დავით ქსოვრელიშვილის ინფორმაციით, 2020 წელს ქალაქში დაწყებული ორი მასშტაბური პროექტი, მრავალბინიანი კორპუსების ეზოების კეთილმოწყობისა და ავტოსადგომის მშენებლობის პროექტი წელს დასრულდება.
დავით ქსოვრელიშვილის თქმით, აღნიშნული პროექტების საერთო ღირებულება 5 მილიონ ლარზე მეტია. ამ საკითხზე განცხადება დავით ქსოვრელიშვილმა რადიო ,,კახეთის ხმის” ღია ეთერში სტუმრობისას გააკეთა.
,,მერიამ 2020 წელს ორი მასშტაბური პროექტი დაიწყო, რომლის ღირებულება 5 მილიონ ლარზე მეტია. ერთია ავტოსადგომის მშენებლობა. ამ ეტაპზე ძირითადი სამუშაოები დასრულებულია, მხოლოდ საჭიროა კომუნიკაციების შეყვანა და ვფიქრობთ, რომ ეს პროექტი თებერვლის თვეში დასრულდება. ამ პროექტის ღირებულება 1 მილიონ ლარზე მეტია.
რაც შეეხება მეორე პროექტს, რომელიც ითვალისწინებს ქალაქის ტერიტორიაზე მრავალბინიანი საცხოვრებელი კორპუსების ეზოების კეთილმოწყობას, ის სავარაუდოდ სექტემბრის თვეში დასრულდება. ამ ეტაპზე მიმდინარეობს კორპუსებში წყლის მრიცხველების დამონტაჟება, ამის შემდეგ კი დაიწყება აღნიშნული სამუშაოები. მერიამ უკვე შეისყიდა 4 მილიონიანი პროექტი.
აღნიშნული მიმართულებით სამუშაოების ნაწილი 2020 წელს დაიწყო და გახარჯულია 250 000 ლარი. გარდა ამისა, კიდევ ერთი პროექტი, რომელიც გასულ წელს დაიწყო და ვერ დასრულდა, ეს არის სოფელ ფშაველში კემპინგის მშენებლობა. ეს იყო გამოწვეული იმით, რომ მშენებელმა კომპანიამ არაჯეროვნად შეასრულა სამუშაოები და ჩვენ მასთან ხელშეკრულება გავწყვიტეთ. აღნიშნული სამუშაოების დასრულებაც 2021 წელს მოხდება”,- განაცხადა დავით ქსოვრელიშვილმა.