აეროპორტმა “მიმინომ” პირველი კომერციული რეისი განახორციელა
საქართველოს საავიაციო უნივერსიტეტის კუთვნილ თელავის აეროპორტ – „მიმინოში“, გასული საუკუნის 90-იანი წლების შემდგომ, პირველი კომერციული შიდა რეისი მიიღო მარშუტით „ნატახტარი – თელავი“.
აღნიშნული ავიარეისით, შპს „ეარ ჯორჯიას“ კუთვნილმა საჰაერო ხომალდმა (20(ოცი) ადგილიანი L-410)) ნატახტარიდან თელავში გადაიყვანა ტურისტული ჯგუფი, რომელთაც გეგმაში ჰქონდათ კახეთის რეგიონის ღირსშესანიშნაობების მონახულება.
„დღევანდელი დღე იქნება საფუძველი იმისა, რომ შესრულდეს რეგულარული რეისები ქვეყნის სხვადასხვა ქალაქებიდან, რაც ტუროპერატორებისგან, სასტუმრო და ტურისტული ბიზნესის წარმომადგენლებისაგან დიდმა მოთხოვნამ განაპირობა“, – განაცხადა საავიაციო უნივერსიტეტის რექტორმა, პროფესორმა – სერგო ტეფნაძემ.
თელავის აეროპორტიდან, შესაძლოა, ავიარეისები ბათუმის და ქუთაისის მიმართულებით შესრულდეს.
კახეთის გუბერნატორის, ირაკლი ქადაგიშვილის ინფორმაციით, საკითხთან დაკავშირებით ჯერ მოლაპარაკება მიმდინარეობს და თუ დადებითად გადაწყდება, ავიარეისები ჯერ – ბათუმის, შემდეგ კი ქუთაისის მიმართულებით დაინიშნება.
ნიკოლოზ ესიტაშვილი