თუშეთის გზაზე გაწმენდითი სამუშაოები განახლდა
ფშაველი-აბანო-ომალოს საავტომობილო გზის გაწმენდითი სამუშაოები განახლდა. როგორც “კახეთის ხმას” საავტომობილო გზების დეპარტამენტში განუცხადეს, გზის 22-ე და 25-ე კილომეტრებზე ჩამოსული იყო დიდი ზომის ლოდები.
უწყებაში განმარტავენ, რომ 22-ე კილომეტრზე ჩამოსული ლოდების გაწმენდა უკვე დასრულდა, ხოლო 25-ე კმ-ზე ჩამოსული დიდი ზომის ლოდების დასაშლელად საჭიროა ბურღვა-აფეთქებითი სამუშაოების ჩატარება.
ამ დროისთვის, სამუშაოების განსახორციელებლად ტექნიკის მობილიზება მიმდინარეობს და ბურღვა-აფეთქებითი სამუშაოები 3-4 დღეში დასრულდება.
“ფშაველი-აბანო-ომალოს საავტომობილო გზის კმ18 – კმ72 მონაკვეთი გადის რთულ კლდოვან რელიეფზე, სადაც საუღელტეხილო მონაკვეთი გზის დონიდან 2800 მეტრზე მდებარეობს, გზის სავალი ნაწილის სიგანე კი 5 მეტრამდეა, რაც ართულებს ავტოტრანსპორტის მიმოსვლას.
ამ მონაკევთის გაწმენდა რთული კლიმატური და რელიეფური პირობების გამო ზამთრის პერიოდში ვერ ხერხდება და შესაბამისად საავტომობილო მიმოსვლა ზამთრში აკრძალულია. სხვა პერიოდში კი გადაადგილება დასაშვებია მხოლოდ მაღალი გამავლობის ავტოტრანსპორტისათვის”, – აცხადებენ საავტომობილო გზების დეპარტამენტში.
ფშაველი-აბანო-ომალოს საავტომობილო გზა ევროპაში ერთ-ერთ ყველაზე რთულ სატრანსპორტო გზად ითვლება.
ნიკოლოზ ესიტაშვილი