შესაძლოა კორონავირუსზე ტესტირება აფთიაქებშიც ჩატარდეს
საქართველოს დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის ამირან გამყრელიძის განცხადებით, შესაძლებელია, რომ კორონავირუსზე ტესტირება აფთიაქებშიც ჩატარდეს.
მისი თქმით, აფთიაქი ამ შემთხვევაში, პირობებს უნდა აკმაყოფილებდეს.
„პრინციპში შესაძლებელია. ამ ეტაპზე დავაკვირდებით. ჩვენ გავაფართოეთ ტესტირება, აქამდე 30-მდე დაწესებულება იყო, ხვალიდან, ზეგიდან უკვე 80-ზე მეტი დაწესებულება იქნება. მთელს ქვეყანაში, დაახლოებით 300-მდე და შემდეგში უფრო გაფართოვდება. მათ შორის ერთ-ერთ ვარიანტად იყო განხილული. აფთიაქებს აქტიურად ვიყენებდით ცე-ჰეპატიტის სკრინინგის დროს, აქაც შეიძლება, რა თქმა უნდა, სადაც შესაბამისი ფართია“, – განაცხადა გამყრელიძემ.
მისივე თქმით, ზოგიერთი ქვეყანა უკვე საუბრობს ტესტებზე, რომელიც ორსულობის დამდგენი ტესტის მსგავსად, აფთიაქებში იყიდება.
„არ არის გამორიცხული, რომ რამდენიმე ხანში მსგავსი ტესტირება ნერწყვიდან და არა ნაცხიდან შემოვიდეს. ნერწყვის ტესტების ვალიდაცია საერთაშორისო დიდ კომპანიებში ახლა მიმდინარეობს, ჯერ არ არის. მომავალში (არა ხვალ-ზეგ) არ არის გამორიცხული, რომ ამ ტიპის ტესტი იყიდოთ და თქვენ თვითონ ჩაიტაროთ. მისი ჩატარების ტექნოლოგია ძალიან მარტივია. არავითარი სამედიცინო განათლება არ სჭირდება“,– განაცხადა გამყრელიძემ.