თელავში სამოქალაქო აქტივისტებმა მუნიციპალიტეტის მერიას ინიციატივები ოფიციალურად წარუდგინეს
ერთ-ერთი ინიციატივის ავტორს, მოსწავლე ანა ხეჩიაშვილს მიაჩნია, რომ ახალგაზრდების გააქტიურებისთვის აუცილებელია არაფორმალური განათლების ცენტრის ან სპეციალური სივრცის შექმნა, რომელიც მათ უნარ-ჩვევების გამომუშავებასა და თვითრეალიზებაში დაეხმარებათ.
,,ჩემი წინადადებაა, რომ სოფლებში შეიქმნას არაფორმალური განათლების ცენტრები. ამას ნაკლებად ექცევა ყურადღება სკოლებში. არაფორმალური განათლების მიღება ახალგაზრდას დაეხმარება საკუთარი თავის რეალიზებაში და სხვადასხვა საჭირო უნარების გამომუშავებაში’’,- განუცხადა Knews.ge-ს ანა ხეჩიაშვილმა.
,,სამოქალაქო მოძრაობის’’ თელავის ოფისის წარმომადგენელი, არჩილ მჭედლიშვილი განმარტავს, რომ მათ ახალგაზრდებთან ერთად შეარჩიეს ისეთი საკითხები, რომელიც პრიორიტეტულია და მისი მოგვარება ახალგაზრდებისთვის მნიშვნელოვანია.
,,ახალგაზრდებთან ერთად მოვამზადეთ 6 წინადადება, რომელიც გვინდა ბიუჯეტში აისახოს. სამომავლოდ აქტიურად ვიქნებით ჩართული აღნიშნული საკითხების განხილვის პროცესში. იმედი გვაქვს, რომ ეს წინადადებები ყველა თუ არა ნაწილი მაინც აისახება მომავალი წლის ბიუჯეტში’’,- განუცხადა knews.ge-ს არჩილ მჭედლიშვილმა.