კახეთში სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოებში საგზაო დეპარტამენტი ჩაერთვება
კახეთის რეგიონში მოსულმა უხვმა ნალექმა და სეტყვამ რამდენიმე მუნიციპალიტეტში პრობლემები შექმნა. პრევენციის მიზნით, რეგიონში სტიქიის შედეგების სალიკვიდაციო შტაბიც შეიქმნა.
ამ წუთებში, სტიქიას საკუთარი ძალებით ებრძვიან ყვარლის მუნიციპალიტეტშიც. როგორც ქალაქის მერი როსტომ სესიაშვილი knews.ge-სთან აცხადებს, ისინი ელოდებიან საგზაო დეპარტამენტიდან სპეციალურ ტექნიკას.
,,გადავედით მუშაობის საგანგებო რეჟიმზე. ამ ეტაპზე, პროცესებს ვუმკლავდებით საკუთარი ძალებით, მაგრამ ველოდებით დამატებით ტექნიკას. მინდა აღვნიშნო, რომ საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტო აქტიურად არის ჩართული და ოპერატიულად მუშაობენ”, – აცხადებს knews.ge-სთან სესიაშვილი.
მერისვე ინფორმაციით, ამ ეტაპზე უკვე ხერხდება ტექნიკის ჩართვა სალიკვიდაციო სამუშაოებში.
სტიქიამ ახმეტის, თელავის, ლაგოდეხის და ყვარლის მუნციპალიტეტები დააზარალა. როგორც კახეთის გუბერნატორი knews.ge-სთან აცხადებს, დაზიანებულია ინფრასტრუქტურა და სასოფლო-სამეურნეო სავარგულები. სტიქიას მსხვერპლი არ გამოუწვევია.
,,სტიქიამ კახეთის 4 მუნიციპალიტეტი დააზარალა. წინასწარი ინფორმაციით, ზარალი საკმაოდ დიდია. დაზიანებულია გზები, სასოფლო-სამეურნეო სავარგულები და დატბორილია სახლები. დილიდან ინტენსიურად მიმდინარეობს სტიქიის შედეგების სალიკვიდაციო სამუშაოები იმ ადგილებში, სადაც შესაძლებელია ტექნიკის და ცოცხალი ძალის მუშაობა,” – აცხადებს knews.ge-სთან ირაკლი ქადაგიშვილი.
მისივე განცხადებით, 13 მაისს, სოფლის მეურნეობის ინფრასტრუქტურის სამინინსტროს, საგზაო დეპარტამენტის თანამშრომლები და სპეციალისტები ადგილზე შეისწავლიან ზარალის რაოდენობას.
კახეთის რეგიონში სტიქიური უბედურებების პრევენციის მიზნით, 4 მილიონი ლარია გამოყოფილი.