მიწათსარგებლობისა და ცენტრალური მოედნის განაშენიანების გენერალური გეგმა- თელაველების მოსაზრებები
მალე თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულო თელავის მიწათსარგებლობისა და ცენტრალური მოედნის განაშენიანების გენერალური გეგმის დამტკიცებას უყრის კენჭს.
გეგმა რომელიც შპს „ატელიე არქტიქტს“ -ის ჯგუფმა დაამუშავა, მოიცავს ქალაქის ტერიტორიაზე სხვადასხვა სახის კულტურული, გასართობი, შემეცნებითი სივრცეების მოწყობას, საცხოვრებელი უბნების და ქუჩების რეაბილიტაციას, დამატებითი ინფრასტრუქტურის შექმნას, მრავალბინიანი სახლების ეზოების რეაბილიტაციას, ახალი ტურისტული ადგილების შექმნას, ავტოსადგომების მოწყობას, ქალაქის ცენტრის განვითარებას და სხვა.
ქალაქ თელავის ცენტრალური მოედნის განაშენიანების რეგულირების გეგმა
თელავის გენგეგმა გარდა ქალაქის განვითარებისა და სხვა ინფრასტრუქტურის მოწყობისა, მოიცავს ცენტრალური მოედნის განვითარების ხედვას. შპს „ატელიე არქტიქტს“ -ის წარმომადგენელი, სამუშაო ჯგუფის ხელმძღვანელი ვახტანგ კასრელიშვილი განმარტავს რომ ქალაქის ცენტრს განვითარების დიდი პოტენციალი აქვს.
მისი თქმით, თელავის ცენტრალური მოედანი წარმოადგენს სატრანსპორტო და ტურისტული მარშრუტების გადაკვეთის ადგილს და შემდგომი განვითარების პერსპექტივით მნიშვნელოვანია, რომ ეს ტერიტორია იქცეს საფეხმავლო მოედნად, მოეწყოს სხვადასხვა სახის შემეცნებითი, კულტურული, გასართობი ინფრასტრუქტურა და სივრცეები
,,ცენტრალური ნაწილის სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის გადაგეგმარების შედეგად ტერიტორიაზე იქნება 230-მდე ღია ავტოსადგომი, არსებული მდგომარეობით 250 ავტოსადგომია.
ერეკლე II-ის ქუჩისა და ცენტრალური მოედნის რეაბილიტაციის წარმოდგენილი კონცეფციის განხორციელების შედეგად მთელი არეალი გადაიქცევა ერთიან საზოგადოებრივ სივრცედ, მოედანი გახდება ე.წ „სამზეუმო კვარტლის“ ცენტრი, მასზე დანიშნულებიდან, საჭიროებიდან, ღონისძიებიდან გამომდინარე, წელიწადის სხვადასხვა დროს შესაძლებელია მოეწყოს განსხვავებული ინსტალაციები.
ტერიტორიას შესაძლებელია დაემატოს რამდენიმე მუზეუმი, მაგალითად არქეოლოგიური, რეგიონის თავისებურებიდან გამომდინარე, ღვინის მუზეუმიც სადეგუსტაციო დარბაზით, საგამოფენო სივრცეები, პავილიონები. არსებული თეატრის შენობაში დამატებით შეიძლება მოეწყოს კინოთეტარის დარბაზები, სახურავზე კი- რესტორანი’’,– განაცხადა ვახტანგ კასრელიშვილმა.
მისი თქმითვე, არსებული მდგომარეობით გამოუყენებლი და უფუნქციოა მოედანთან არსებული შიდა საცხოვრებელი ეზოები, რომელსაც განვითარების და ტურისტულად დატვირთვის დიდი პოტენციალი აქვს.
,,მოედნის გარშემო უნდა გაკეთდეს დამატებით საფეხმავლო ზონა-ბილიკები, რომლებიც გააერთიანებს ამ შიდა ეზოებს, სახლების მეპატრონეებს კი საშუალებას მისცემს რამდენიმე ფუნქციით განავითარონ საკუთარი საცხოვრებელი ფართები და ეზოები: სახლების პირველ სართულებზე შეიძლება მოეწყოს პატარა კაფეები, რესტორნები, მაღაზიები, ხოლო ზედა სართულებზე – სასტუმრო ოთახები და საცხოვრებელი.
ეს მიმართულება მნიშვნელოვანია იმ კუთხითაც, რომ აღნიშნულ ტერიტორიაზე არის კულტურული მემკვიდრეობის ძეგლები, ლამაზი ეზოები, რომელთა რეაბილიტაცია და მოწესრიგება ძალიან რთულია დამატებითი ფუნქციების შეძენისა და მათი კომერციულად გამოყენების შესაძლებლობების გარეშე.
რეკონსტრუქციას საჭიროებს ასევე თეატრთან არსებული სკვერი, რომელიც დღეს გამოუყენებელი სივრცეა. ცენტრი უნდა იყოს მულტიფუნქციური, საღამოს აქტიური და ცოცხალი ორგანიზმი.’’
თელავის მუნიციპალიტეტის მერი, შოთა ნარეკლიშვილი განმარტავს, რომ ცენტრის განვითარების ხედვა ქალაქს ხელს შეუწყობს ტურიზმის განვითარების კუთხით. მისივე თქმით, გეგმა ასევე დაარეგულირებს ქაოტური მშენებლობების კუთხით არსებულ სიტუაციას.
,,ეს დოკუმენტი თელავისთვის ძალიან მნიშვნელოვანია. აქ არის ადგილები, სადაც მოხდა წლების განმავლობაში ქაოტურად მშენებლობები. აქედან გამომდინარე ამ დოკუმენტით შემდგომში უკვე შესაძლებელი იქნება ამის თავის აცილება. მე არა მერის, არამედ მოქალაქის პოზიციიდან ასევე მივესალმები ცენტრის განვითარების ხედვას.
რაც მეტი გამწვანება იქნება და ნაკლები გამონაბოლქვი ცენტრალურ და ტურისტულად დატვირთულ უბნებში, რათქმაუნდა კარგია.
გარდა ამისა, გენგეგმაში არის ხედვა, რომ ადგილობრივი თვითმმართველობა ცენტრიდან მოშორებით გადავიდეს. ამისი ინიციატორი მეც ვარ. იმ შემთხვევაში თუ შენობა რომელსაც იკავებს მერია, საკრებულო, გუბერნია და სხვადახვა სამსახურები, გათავისუფლდება და ყველა სამსახური გადავა ცოტა მოშორებით, თავისთავად ეს ხელს შეუწყობს დამატებითი ტურისტული ადგილის შექმნას და ასევე სადაც ეს სამსახურები გადავა იმ ადგილის განვითარებას’’,- განუცხადა knews.ge-ს შოთა ნარეკლიშვილმა.
თელაველი მაკა მოსიაშვილი აცხადებს, რომ კარგი იქნებოდა გენგეგმა შეხებოდა სოფელ კურდღელაურს, რომელიც მას განვითარების შესაძლებლობას მისცემდა.
,,ვთვლი გეგმის უარყოფითი ნაწილი არის ის რომ მან არ მოიცვა სოფელი კურდღელაურიც, რომელიც ქალაქთან ერთად სტრატეგიულად განვითარდებოდა. გეგმის მიხედვით, ქალაქის ცენტრალურ ნაწილში არსებული ადმინისტრაციული შენობა და სამრეწველო ზონა თუ გადაინაცვლებს გარეუბნებში ეს იქნება უკეთესი.
ყველაზე დადებითი, რაც გააჩნია გეგმას, არის ის რომ თელავის ზედა ნაწილზე ცივგომბორის ტყეზე შეფენილ ადგილზე შეიქმნება სარეკრეაციო ზონა და შესაბამისად იქ ვეღარ მოხდება სახლების აშენება’’,– განაცხადა მაკა მოსიაშვილმა.
ისტორიული თელავი – „ქალაქი 7 ბორცვზე“
გეგმაში გაწერილია, რომ შვიდი ბორცვი, რომელზეც განლაგებულია ქალაქის ისტორიული ნაწილი, ქმნის მომავალი ტურისტული განვითარების ჩარჩოკონცეფციას. თითოეული ბორცვი უნდა ჩამოყალიბდეს როგორც მიმზიდველობის კერა თავისი განუმეორებელი ფუნქციურ-ისტორიული სახით და ამით შეიქმნას ქალაქის შემაკავშირებელი ერთიანი ტურისტული ბილიკი.
ვახტანგ კასრელიშვილის თქმით, ბორცვების ირგვლივ ბუნებრივად უნდა განვითარდეს ტურისტული ინფრასტრუქტურა, კეთილმოეწყოს საჯარო სივრცეები, დაცული იყოს იქ არსებული ისტორიული თუ არქიტექტურული ძეგლები და რეკრეაციული სივრცეები.
,,შვიდი ბორცვის გაერთიანება ერთ ტურისტულ სარტყელში, რომელიც ჰარმონიულად დაუკავშირდება ბატონის ციხეს და თეატრის მოედანს და შექმნის ტურისტული ობიექტების ერთიან განფენილობას ისტორიული ქალაქის პერიმეტრზე ძალიან მნიშვნელოვანი იქნება.
7 ბორცვიდან თითოეულს აქვს თავისი რეკრეაციული ზონა, ისტორია და გვინდა ერთის მხრივ განვითარდეს ის ადგილი და შემდეგ ერთმანეთთან შეიკრას კავშირი, რომ ის იყოს ერთი დიდი ტური, სანახაობა, ერთი ქალაქის ისტორია’’,- განაცხადა ვახტანგ კასრელიშვილმა.
თელავის უნივერსიტეტის პროფესორი, თენგიზ სიმაშვილი განმარტავს, რომ ის საკითხები, როგორიც არის ქალაქის ისტორიული ნაწილის, ინფრასტრუქტურის და საბინაო ფონდის განვითარება გეგმაში დეტალურად და კარგად არის აღწერილი.
,,მნიშვნელოვანია რომ ამ დოკუმენტში გათვალისწინებულია ისტორიული განვითარება, ასევე ის აუცილებლობები, რაც იდგა ქალაქის წინაშე და სწორად არის გაკეთებული აქცენტები ქალაქის განვითარებაზე.
კერძოდ ქალაქი უნდა განვითარდეს ჩრდილოეთით და არა სამხრეთით და ქალაქმა არ უნდა შეჭამოს მის ირგვლივ არსებული ტყის საფარი. ბუნებრივია გეგმის ავტორებმა შეისწავლეს ყველა მასალა თელავის დღევანდელ მდგომარეობაზე.
გარდა ამისა, ჩვენ თელავის უნივერსიტეტის ისტორიის დეპარტამენტის თანამშრომლებმა მივაწოდეთ მათ თელავის ისტორიული განვითარების კუთხით დეტალური მასალები, სადაც აღნიშნული იყო თუ როგორ ფიქრობდა და რას აკეთებდა წლების წინ მაშინდელი თვითმმართველობა‘’,- განუცხადა knews.ge-ს თენგიზ სიმაშვილმა.
თელაველების თქმით, ქალაქის ცენტრის განვითარების ხედვა და ამ მიმართულებით სხვადასხვა პროექტების განხორციელება ხელს შეუწყობს ტურისტებისთვის და ადგილობრივებისთვის საინტერესო სივრცეების შექმნას.
,,განაშენიანების რეგულირების გეგმა მნიშვნელოვანია თელავისთვის იმიტომ, რომ აქამდე ქალაქის განვითარება ხდებოდა ქაოტურად, ახლა კი მოხდება გეგმის მიხედვით.
მომეწონა რომ გეგმაში გათვალისწინებულია თელავის როგორც კულტურული მემკვიდრეობის ქალაქის განვითარება. რაც მნიშვნელოვანია, ასევე ტურისტებისთვის და ადგილობრივებისთვის საინტერესო სივრცეების შექმნა’’,- განაცხადა თელავის მცხოვრებმა არჩილ მჭედლიშვილმა.
გენგეგმის ავტორი, ვახტანგ კასრელიშვილი განმარტავს, რომ თელავის მიწათსარგებლობისა და ცენტრალური მოედნის განაშენიანების გენერალური გეგმა ასევე მოიცავს სარეკრეაციო ზონების მოწყობას და აუთვისებელი ადგილების განვითარებას.
,,ჩვენი ამოცანა იყო, რომ ის დეგრადირებული ტერიტორიები დაახლოებით 25%, რომელიც ქალაქში არსებობს და უფუნქციოა განვითარდეს. რეკრეაციული ზონები დაფრაგმენტებულია და არ ხდება მათი რესურსის გამოყენება.
გვინდოდა ასეთი ტერიტორიების იდენტიფიკაცია მოგვეხდინა და დაგვეკავშირებინა ერთმანეთთან, რომ საღამოს ან დასვენების დღეებში სხვა მუნიციპალიტეტიდან დასასვენებლად ჩამოსულ ადამიანს შეეძლოს ამ ტყეპარკის გამოყენება’’,- განაცხადა კასრელიშვილმა.
აღმოსავლეთ ევროპის მრავალპარტიული დემოკრატიის ცენტრის (EECMD) თელავის ოფისის კოორდინატორი, ნიკოლოზ შარვაშიძე აცხადებს, რომ მნიშვნელოვანია განვითარდეს მწვანე სივრცეები რომ იყოს ერთიანი სივრცე, სადაც სხვადასხვა მიმართულება იქნება გაერთიანებული.
,,კარგია იყოს მწვანე და მუზეუმების სივრცე ცალკე და განვითარდეს ქალაქი. გეგმაში ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ნაწილი არის ქალაქის ისტორიული უბნების განვითარება, სადაც გენგეგმა კრძალავს ისეთი შენობების აშენებას, რომელიც ქალაქის ისტორიული ნაწილის იერსახეს დაამახინჯებს. მნიშვნელოვანია ვიცოდეთ საით უნდა განვითარდეს ქალაქი’’,- განაცხადა ნიკოლოზ შარვაშიძემ.