ყოფილი მეუღლის მკვლელობაში ბრალდებული მამაკაცის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა
თელავში ყოფილი მეუღლის მკვლელობაში ბრალდებული 50 წლამდე მამაკაცის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა.
თელავის საავადმყოფოში განმარტავენ, რევაზ კეკელიძეს ქირურგიული ოპერაცია ჩაუტარდა და რეანიმაციულ განყოფილებაში კომატოზურ მდგომარეობაში იმყოფება.
მკვლელობა თელავში გუშინ ჭონქაძის ქუჩაზე მოხდა. 48 წლის ნონა ლაზარიაშვილი ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით ყოფილმა მეუღლემ ოჯახის წევრების თვალწინ მოკლა. ქალი ადგილზე გარდაიცვალა, რის შემდეგაც მამაკაცმა თვითმკვლელობა სცადა.
თვითმხილველების ინფორმაციით, ცოლ-ქმარი 15 წელია გაშორებულები იყვნენ. გარდაცვლილი ნონა ლაზარიაშვილი 10 წელი დუბაიში ცხოვრობდა და მუშაობდა. ის შემთხვევამდე რამდენიმე დღის ჩამოსული იყო.
შინაგან საქმეთა სამინისტრის ინფორმაციით, მომხდარზე გამოძიება სსკ-ის 109-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც გულისხმობს განზრახ მკვლელობას დამამძიმებელ გარემოებებში.