რა თანხები დაიხარჯა პანდემიის პერიოდში ადგილობრივი ბიუჯეტიდან სააღმზრდელო დაწესებულებებისთვის



პანდემიის და კორონავირუსის პრევენციისთვის დაწესებული შეზღუდვების გამო, ქვეყანაში და მათ შორის კახეთის რეგიონში სააღმზრდელო დაწესებულებები რამდენიმე თვით დაკეტილი იყო. თელავის მუნიციპალიტეტის 32 ბაგა-ბაღში სწავლა პირველი მარტიდან დაიწყო.

მიუხედავად შეზღუდვების შემსუბუქებისა, სააღმზრდელო დაწესებულებებისთვის მოქმედებს სპეციალური რეგულაციები, რომელიც ჯანდაცვის სამინისტრომ ეპიდემიოლოგებთან, ინფექციონისტებთან და მედიკოსებთან ერთად შეიმუშვა.

ორ კვირაში ერთხელ თანამშრომლების 20%-ს სავალდებულო ტესტირებაც ჩაუტარდება. ეპიდემიოლოგები სკოლამდელ დაწესებულებებს და მშობლებს ურჩევენ, მაქსიმალური სიფრთხილე გამოიჩინონ, დაიცვან რეგულაციები და ინფექციის პრევენციის შესაბამისი ღონისძიებები გაატარონ, რადგან სასწავლო პროცესს კვლავ საფრთხე არ შეექმნას.

თელავის მუნიციპალიტეტის მერიის და თელავის ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს გადაწყვეტილებით, პანდემიის პერიოდში 32-ვე ბაღში აღსაზრდელებისთვის სასურსათო კალათების რამდენჯერმე გადაცემა მოხდა.

თელავის მუნიციპალიტეტის ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს დირექტორის მოვალეობის შემსრულებელი ია ლუარსაბაშვილი განმარტავს, რომ სასურსათო კალათების გაცემა 4 -ჯერ მოხდა და ოჯახების რაოდენობები იცვლებოდა ბავშვების რაოდენობის მიხედვით.

,,2020 წლის პანდემიის და საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების შემდეგ 32-ვე ბაღში დაიწყო აღსაზრდელებისთვის სასურსათო კალათების გადაცემა. პირველი გაცემა იყო მარტის და მაისის თვეში. 3 146 აღსაზრდელს გადაეცა კალათი ცხრა დასახელების პროდუქტით. კალათის ღირებულება ერთ ბავშვზე შეადგენდა 26 ლარს და 5 თეთრს. მთლიანად გადაცემული სასურსათო კალათების ღირებულება იყო 93 587 ლარი. მეორე სასურსათო კალათა გადაეცა მაისში ასევე 3 146 აღსაზრდელს, აქაც იყო 9 დასახელების ბურღულეული, სურსათი და რძის ნაწარმი. ერთ ბავშვზე სასურსათო კალათის ოდენობამ შეადგინა 30 ლარი. ძირითადი პროდუქტები იყო ბრინჯი, მაკარონი, ვერმიშელი, წიწიბურა, კვერცხი, ფქვილი, ზეთი, არაჟანი და კარაქი. მეორე გადაცემის დროს კალათების სრული ღირებულება იყო 94 714 ლარის”,– განუცხადა knews.ge-ს ია ლუარსაბაშვილმა.

მისივე განმარტებით, რაც შეეხება მენიუს ნუსხას, ის შედგენილი იყო სხვადასხვა რეკომენდაციებიდან. ასევე იმოქმედა თბილისის ბაგა ბაღების გაერთიანების რეკომენდაციამ და მუნიციპალიეტებს შორის შეთანხმებამ. ია ლუარსაბაშვილის თქმითვე, ბავშვების ოჯახებისთვის ძირითადად იმ პროდუქტების გადაცემა მოხდა, რომელსაც ბავშვთა კვებისთვის ადგილზე მოიხმარდნენ.

,,მენიუს ნუსხა საბოლოოდ შეთანხმდა მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელობასთან. თუმცა კალათების დარიგებისას, დადგენილ ზღვარზე ორმაგი რაციონი გადავეცით”,- განაცხადა ია ლუარსაბაშვილმა.

ბაგა- ბაღების მართვის სააგენტოს ინფორმაციით, მიუხედავად პანდემიისა და გარკვეული შეზღუდვებისა, ამ პერიოდში მაინც მოხერხდა მცირე თუ დიდი ინფრასტრუქტურული სამუშაოების დაწყება.

,,თელავის მერიამ გასულ წელს შეიძინა სამშენებლო პროექტები კურდღელაურის, ვარდისუბნის და ლაფანყურის საბავშვო ბაღების რეაბილიტაციის მიმართულებით, სამუშაოები უნდა დაწყებულიყო 2020 წლის ბოლოს თუმცა პანდემიიდან გამომდინარე დროებით შეყოვნდა. ასევე არის პროექტები, რომელიც გასულ წელს დაიწყო და წელს უნდა დასრულდეს. ახლა ველოდებით და უკვე ხელშეკრულებაზე ხელი აქვს მოწერილი მუნიციპალიტეტს, ეს იქნება გათბობის ქვაბების გატანა ბაღების შენობების გარეთ, რაც აუცილებელი და სავალდებულოა, რადგან ამას სტანდარტები ითხოვს.

ალბათ მაისის თვისკენ მუნიციპალიტეტის მერია დაიწყებს ტენდერების გამოცხადებას აღნიშნულ სამუშაოებზე და მათი განხორციელების შემდეგ მოხდება ბავშვების უსაფრთხო გარემოში სწავლა. ასევე მიმდინარეობს სამზარეულოების, გადაიარაღება, რადგან გაზზე მომუშავე ქურების ნაცვლად გადავდივართ ელექტროქურების მოხმარებაზე და ამისთვის მიმდინარეობს ელექტრომომარაგების მიმართულებით საჭირო სამუშაოების განხორციელება. ეს მთლიანად კახეთში ხდება. ”

თელავის მუნიციპალიტეტის მერიის ინფრასტრუქტურის განყოფილების უფროსი დავით ქსოვრელიშვილი განმარტავს, რომ გასულ წელს ბაგა-ბაღებში ინფრასტრუქტურულ სამუშაოებზე მილიონ 133 000 ლარი დაიხარჯა.

,,შარშან თანადაფინანსებით იყალთოს საბავშვო ბაღში 600 000 ლარი დაიხარჯა. მოხდა ამ ბაღის სრული რეაბილიტაცია ენერგოეფექტური გათბობის მოწყობით. ჩვენი მხრიდან თანადაფინანსების თანხა გახლდათ 200 000 ლარი. ასევე აკურის საბავშვო ბაღის ერთი ჯგუფისათვის დასამატებელი ოთახების რეაბილიტაცია ჯამში ეს იყო 107 000 ლარის სამუშაოები. ასევე მოხდა წინანდლის ახალი საბავშვო ბაღში ერთი ჯგუფისათვის მიშენების მოწყობა, რომელზეც ჯამში დაიხარჯა 333 000 ლარი. სოფელ ბუშეტში საბავშვო ბაღის შალაურში საბავშვო ბაღის ოთახებისა და სოფელ სანიორის საბავშვო ბაღის სახურავის რეაბილიტაციებისათვის თითოეულზე დაიხარჯა 30 000 ლარი, რომელიც გამოყოფიოლი იყო სოფლის დახმარების პროგრამით.

ძირითადად სამუშაოები სველი წერტილების სტანდარტებში მოყვანას ეხებოდა, რომელიც ითვალისწინებს სურსათის ეროვნული სააგენტოს მოთხოვნებს. წელს ეს სამუშაოები გრძელდება.

ეს არის საბავშვო ბაღების მოწყობა და სურსათის შესანახი ოთახების რეაბილიტაცია. ანუ არის მოთხოვნა სურსათის ეროვნული სააგენტოს მხრიდან, რომ პროდუქტები უნდა ინახებოდეს ისეთ პირობებში, რომელიც შეესაბამება საქართველოში მოქმედ სტანდარტებს.ასეთი ბაღია ბუშეტში, კურდღელაურში, კისისხევში და თელავის მეორე ბაგა-ბაღი. პანდემიამ წელს ბაღების დაფინანსებაზე დიდი გავლენა არ მოახდინა, რადგან ადგილობრივი ბიუჯეტი მანამდე დაიგეგმა და თანხა გამოიყო.

წელს დაგეგმილ მომავალი წლის ბიუჯეტზე კი მოახდენს გავლენას, რადგან ეს დამოკიდებულია იმაზე თუ ჩვენ რა შემოსავლები გვექნება ადგილობრივ ბიუჯეტში. წელს ნახევარ მილიონ ლარზე მეტის დახარჯვაა დაგეგმილი. ეს სავარაუდო ციფრია და სანამ არ იქნება საჭიროებები გამოკვეთილი, შედგენილი პროექტები და ხარჯთაღრიცხვები მანამდე ზუსტი ციფრი არ გვეცოდინება”,– განუცხადა knews.ge-ს დავით ქსოვრელიშვილმა.

მისივე თქმით, პანდემიიდან და ქვეყანაში შექმნილი მდგომარეობიდან გამომდინარე, მუნიციპალიტეტის შემოსავლები შემცირდა დღგ-ს და ასევე ქონების გადასახადის სახით.

,,მთავრობამ გამოსცა განკარგულება ქონების გადასახადზე. არ მუშაობენ ბაზრები, მაღაზიები და შესაბამისად დღგ-ც შეგვიმცირდა. ასევე შემცირებულია ჯარიმებისგან შემოსავლებიც. ახლა ასეთი სიტუაციაა და ისეთი მცირეა ჩვენი შემოსავლები, რომ მომავალ წელს ბაღებისთვის რას გავითვალისწინებთ ცოტა გაურკვეველია.”